გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პაველ კოვალი: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ქვეყანაა, ის ევროპული თანამეგობრობის ნაწილია და შეუძლებელია ევროპის ისტორიის ნორმალური გაგება, პოლიტიკური ევროპის სადღაც უკიდურესად აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს გარეშე

7-11-2024

პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და უკრაინასთან თანამშრომლობის საბჭოს ხელმძღვანელი პაველ კოვალი უკრაინულ ტელევიზიასთან საუბარში აშშ-ში, საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ საკითხი ასე არ დგას, რომ ხალხმა არჩევნებზე რუსეთს დაუჭირა მხარი, რადგან მათ ხმა ივანიშვილს მისცეს, რომელიც მოსახლეობას ევროპულ გარანტიებს ჰპირდება.


კოვალი აღნიშნავს, რომ ქართველებისთვის ევროპელობა იდენტობის არსია; საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ქვეყანაა საზოგადოებრივი აზრის მიხედვით და მუდამ ასე იყო, ის ევროპული თანამეგობრობის ნაწილია და შეუძლებელია ევროპის ისტორიის ნორმალური გაგება, პოლიტიკური ევროპის სადღაც უკიდურესად აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს გარეშე.


„საჭიროა პრაგმატული მიდგომა საქართველოს ახალ მთავრობასთან; მტკიცე და გადამწყვეტი ქმედებები მაშინ, თუ ცუდს გააკეთებენ; პოზიტიური რეაგირება იმაზე, როცა რეალურ რეფორმებს განახორციელებენ და რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დავტოვოთ საქართველოს საზოგადოება, ის ხალხი, რომელიც მობილიზდა და რომელსაც ევროპული საქართველო უნდათ. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ქვეყანაა საზოგადოებრივი აზრის მიხედვით და მუდამ ასე იყო. ქართველებისთვის ევროპელობა იდენტობის არსია. ორი რამე აქვთ: ევროპელობა და ღვინო. ქართველები მონახავენ ევროპულ გზას. საქართველო ევროპული თანამეგობრობის ნაწილია. შეუძლებელია ევროპის ისტორიის ნორმალური გაგება, პოლიტიკური ევროპის სადღაც უკიდურესად აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს გარეშე“,- აცხადებს პაველ კოვალი.


მისი შეფასებით, ხალხმა არჩევნებზე მხარი ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა მხარი.


„აქ ძირითადი როლი ომის შიშმა ითამაშა. აშკარაა, რომ რუსები ქართველების მეგობრები არ არიან. ასე არ იყო, რომ ხალხმა რუსეთს დაუჭირა მხარი. ქართველები ხმას ივანიშვილს აძლევდნენ, რომელიც ბოლო გამოსვლების დროს იძახდა, რომ ჩვენ ვიძლევით ევროპულ გარანტიებს. შორეულ პროვინციებში, რეგიონებში, მაგალითად კახეთში, ასე არ არის, რომ უბრალო ხალხს პოლიტიკა კარგად ესმის, მათთვის დიდად მნიშვნელოვანია ლოზუნგი „მივდივართ ევროპისკენ“. ივანიშვილი ამ ლოზუნგს მოუბრუნდა წინასაარჩევნო პერიოდის გამოსვლებში, როდესაც დამატებითი ხმების მოპოვებას ცდილობდა.


„ადვილია იმის თქმა, რომ ყველა ხმა პრორუსულია, რაც პუტინის დიდი პროვოკაციაა, არადა არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ თბილისშიც კი, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით 40%-ის ირგვლივ იყო, ქალაქების გარეთ ნამდვილად გაცილებით მეტი იყო. ამ არჩევნების შეფასებისას, ეს უნდა გვახსოვდეს, იმიტომ, რომ ცუდი დიაგნოზი შესაძლოა ცუდი პოლიტიკური ქმედებების გამომწვევი იყოს. ასე რომ, მე ვთვლი, რომ ქართული საზოგადოება არ უნდა მოექცეს იზოლაციაში, საჭიროა დიდი ყურადღებით მოვექცეთ, მოვახდინოთ ხელისუფლების ყველა შეცდომაზე და ყველა არადემოკრატიულ ქმედებაზე მითითება. უსაფრთხოების საკითხზე ძალიან პრაგმატული მიდგომაა საჭირო. ანუ ისეთ თემებთან, როგორიცაა უსაფრთხოება, სამხედრო თანამშრომლობა, თუკი ეს შესაძლებელია, ვინაიდან ზემოაღნიშნული ყოველთვის შესაძლებელი არ არის. თუ შესაძლებელია ეს თანამშრომლობა უნდა შენარჩუნდეს. მე ასეთი მიდგომა მაქვს იმასთან, იქ რაც ხდებოდა, რადგან ვხედავ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ძალიან მაღალია“,- აცხადებს კოვალი.


პაველ კოვალის შეფასებით, საარჩევნო კამპანია სუსტი იყო საქართველოს ძირითადი ცენტრების გარეთ.


„საქართველოში ფაქტორები ცოტა უფრო მეტია, ვიდრე რუსეთი. რა თქმა უნდა არის რუსეთი, ამასთან ოპოზიციის საარჩევნო კამპანია მწირე იყო მთავარ ცენტრებს მიღმა. ოპოზიცია დანაწევრებული იყო, თუმცა ამას არ ჰქონდა პირდაპირი გავლენა, რადგან არჩევნები პროპორციული გზით ჩატარდა, ანუ ხმებს არ კარგავდნენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ოპოზიცია ძალიან დაყოფილი იყო, 4 ბლოკად, რომელთაც ცალ-ცალკე, შეიძლება ითქვას რომ კარგი, დაახლოებით 10%-იანი შედეგი მიიღეს, თუმცა საარჩევნო კამპანია სუსტი იყო, საქართველოს ძირითადი ცენტრების გარეთ. საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი და დავინახე, რომ მათი საარჩევნო კამპანია კონცენტრირებული იყო მხოლოდ თბილისის ირგვლივ და მიმდებარედ. ეჭვის ქვეშ არავინ აყენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ თბილისსა და მის გარშემო დაახლოებით 40%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, პროვინციებში მეტიც ექნებოდათ. საქართველოს არჩევნებში გასაკვირი არის ის, რომ არსებობს ერთგვარი შეუსაბამობა საზოგადოებრივი აზრის კვლევებსა და პირველად ეგზიტპოლებს შორის.


ანუ ხალხი, რომელმაც ხმა მისცა, გამოდიოდა და ხმამაღლა სხვა რამეს ამბობდა. ანუ შეიძლება მათ რცხვენოდათ თქმა, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს. საქართველოში ასეთი რამ მოხდა, ქართული ოცნების საარჩევნო კამპანია ძალიან ინტენსიური იყო, ძალიან ძლიერ მესიჯზე დაფუძნებული, რომ თუ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ომი დაიწყება. ქართველებს 2008 წლიდან ომის ტრავმა აქვთ. პრაქტიკულად ყველა ქუჩაზე იყო ტრანსპარანტები, ბილბორდები, ინფორმაცია, რომელიც დანგრეულ უკრაინულ ქალაქებსა და ეკლესიებთან დაუნგრეველი საქართველოს შედარებას გამოხატავდა. ვფიქრობ, რომ შიშით თამაშმა, აგრეთვე პუტინის მიერ წარმოებულმა თამაშმა და თუ სპეციალურ ოპერაციაზე ვსაუბრობთ, ვამბობთ რომ ეს იყო საინფორმაციო ოპერაცია, და რომ ამან ითამაშა დიდი როლი კენჭისყრის საბოლოო შედეგზე“,- აცხადებს კოვალი.


მისივე შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის შედეგი არ არის ცუდი, ერთობლივად მათ აქვთ დაახლოებით 40%-იანი მხარდაჭერა და პარლამენტში შევა ახალგაზრდა თაობა, რომელსაც შანსი უნდა მიეცეს.


„4 პარტიიდან თითოეულმა, სადღაც 10%-იანი მხარდაჭერა მიიღო. საარჩევნო კამპანიისთვის, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, არსებულ პირობებში. არჩევნები მომავალშიც ჩატარდება, ამით არ მთავრდება ყველაფერი, შიგნით უნდა იმუშაონ და იქ, სადაც შეიძლება, უნდა დავეხმაროთ ქართველებს. ოპოზიციის გაერთიანება არსებითი არ იყო, ვინაიდან სისტემა პროპორციული იყო.


ანუ, ტექნიკური თვალსაზრისით გაერთიანება არაფერს იძლეოდა. მაგრამ, ხალხი ამას უყურებდა და ეძებდა ლიდერს, რომელიც ვერ იპოვეს. აქედანაც დასკვნის გამოტანა შეიძლება. ტექნიკურად არაა საჭირო გაერთიანება, ხმები ისედაც ითვლება პროპორციული სისტემის შესაბამისად, 10%-ი თუ გაქვს პარლამენტში 10%-ს იღებ, პრობლემა არ არის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ოპოზიციას ერთი გამოკვეთილი ლიდერი დააკლდა. ნაკლოვანება იყო, ასევე რა თქმა უნდა პროგრამა... იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციამ მიიჩნია, რომ საკმარისი იყო მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ ევროკავშირის გარანტიას ვიძლევით, არადა იგივე თქვა მმართველი პარტიიდან ივანიშვილმაც. მე მგონია, რომ ბევრმა ქართველმა არ იცოდა რა განსხვავება იყო მათ შორის, ისინი დიდად განსხვავებულს არაფერს ამბობდნენ, ხალხი ფიქრობდა რომ ევროკავშირის გზა გარანტირებული იყო იმისდა მიუხედავად თუ ვის მისცემდა ხმას“,- აცხადებს პაველ კოვალი.


კითხვაზე, როგორ ხედავს სააკაშვილის როლს ყველაფერ იმაში, რაც დღეს საქართველოში ხდება, პაველ კოვალი პასუხობს, რომ სააკაშვილს გათავისუფლება ეკუთვნის. მან არ დაიმსახურა ციხეში ჯდომა, თუმცა ქართული ოპოზიციური პოლიტიკა ახალი თაობის ხელში მოექცა.


„როგორც ყველა ქარიზმატულ ლიდერს, მას მიაჩნდა, რომ მას ხალხი, ბრბო გაჰყვებოდა... რომ ციხესთან დადგებოდნენ და რევოლუცია მოხდებოდა. შეიძლება საქართველოში ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ ვერ ვხედავ სააკაშვილის როლს იმაში, რომ ის რევოლუციას სათავეში ჩაუდგეს. თუმცა, პოლიტიკაში დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხანდახან გამაოგნებელი რამეები ხდება. მათ ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი ვეღარ ითამაშებს როლს, ალბათ უნდა დაიტოვონ სხვადასხვა სცენარის განვითარების შესაძლებლობები“,- აცხადებს პაველ კოვალი.


პაველ კოვალი საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტსაც აფასებს და ამბობს, რომ დღეს არჩევნებს არ უყურებენ მხოლოდ მიღებული ხმების რაოდენობით, არამედ საარჩევნო კამპანიის, მიღებული ხმების და შემდეგ ხმების დათვლის თვალსაზრისით და ორბანი ჩაერია, რომ თავიდან აეცილებინა საქართველოში შემდგომი პროტესტი.


„ორბანი საქართველოს ხელისუფლებას კლასიკურ „დათვურ სამსახურს“ უწევს, რადგან, თუ ეს ხელისუფლება ზოგადად სერიოზულად უდგება ევროკავშირთან ურთიერთობას, კონტაქტი უნდა აწარმოოს რეალურად ევროკავშირის ქვეყნებთან, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებნი არიან და არა მხოლოდ ერთ ორბანთან“,- აცხადებს კოვალი.


პაველ კოვალის თქმით, არ იქნება მართებული, იმას თუ ვიტყვით, რომ საქართველოში და მოლდოვაში ასეთი შედეგები მხოლოდ რუსეთის ფაქტორით არის განპირობებული.


„საქართველოში და მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შედეგები პუტინისთვის ხელსაყრელია. რა თქმა უნდა არ იქნება მართებული, იმას თუ ვიტყვით, რომ საქართველოში და მოლდოვაში ასეთი შედეგები მხოლოდ რუსეთის ფაქტორით მივიღეთ. ასეთ დიაგნოზებს თუ დავსვამთ, ვერაფერს ვერ შევცვლით. ზემოაღნიშნულს სხვა ფაქტორებიც განაპირობებს. მოლდოვაში ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომელსაც ვგულშემატკივრობთ, მაია სანდუმ (მას პირადად ვიცნობ და დიდად ვგულშემატკივრობ) რისკის შემცველი ოპერაცია ჩაატარა, არჩევნების ევროპულ რეფერენდუმთან თანხვედრის თვალსაზრისით. ამან გაამართლა, თუმცა ძლივს (ბეწვზე)“, - აცხადებს პაველ კოვალი.