7-11-2024
მე მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს.
პრემიერის თქმით, საუბარი იქნება ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ამ ღონისძიებაზე იკრიბება ყველა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი.
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე ტარდება ეს ღონისძიება ბუდაპეშტში, უნგრეთის მასპინძლობით. მე მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც ბუნებრივია, გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც არის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით. მათ შორის გვექნება საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. გვექნება საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე", - განაცხადა პრემიერმა.