გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

10-11-2024

 

10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების, ასევე, ახალგაზრდა და ღვაწლმოსილ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, დაჯილდოების მონაწილეებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და ქვეყნის განვითარების კუთხით მეცნიერების სფეროს ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

  

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულებს – გრანპრის მფლობელ, I, II და III ადგილებზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ პრიზები და ფულადი ჯილდოები. კერძოდ, გრანპრის მფლობელი პროექტის – „ეკომეგობრული ჭკვიანი თევზის ფერმა“ შემქმნელი გუნდი დაჯილდოვდა 10 000 ლარით, პირველ ადგილზე გასული პროექტის „წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი“ ავტორებმა მიიღეს 5000 ლარი, მეორე ადგილზე გასული პროექტის „კოსმოსური დანიშნულების V კლასის მემბრანული კინემატიკური წყვილების დამზადების ტექნოლოგია“ ავტორებს 3000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის „THE TATMAN“ შემქმნელ გუნდს – 2000 ლარი გადაეცა.

  

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის კონკურსის ფარგლებში ფინალურ ეტაპზე ჯამში 19 ინოვაციური პროექტი გადავიდა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეებმა მიიღეს.

  

დაჯილდოების ცერემონიაზე მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისა და  წვლილისათვის პრიზები და სიგელები გადაეცათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის პრემიის ლაურეატ მეცნიერებს. ესენი არიან:

 

დავით შენგელია - გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის პეტროლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილების გამგე.

  

ელენე მაჭავარიანი - ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

  

ოთარ გამყრელიძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

  

ნოდარ კახიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

  

პრემიით ასევე  დაჯილდოვდნენ  სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა მკვლევრები და მეცნიერები.

 

ქეთევან კანკავა – მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი

 

ლერი თავაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი

 

ლევან ტიელიძე –გეოგრაფიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ირაკლი ლომიძე – ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

 

ნინო ფოჩხიძე – ბიოლოგიის დოქტორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი

 

ელისაბედ ზალდასტანიშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი

 

ამასთან, ერთ-ერთი ინოვაციური პროექტის მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ და სხვა  სპეციალური პრიზები.

 

მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

დაჯილდოებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

 

მეცნიერების საერთაშორისო დღე გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია „იუნესკოს“ მიერ 2001 წელს დაფუძნდა. ამ დღის მიზანია მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და აქტუალური სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა.