14-11-2024
ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში, ოპოზიციის სასარგებლოდ, ამიტომ, არავითარი აზრი და ფასი ამ ადამიანებთან შეხვედრას არ ჰქონდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - "აქტუალური თემა" ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპელი დეპუტატების მხრიდან სახელისუფლებო გუნდის წევრებთან შეხვედრების მოთხოვნას შეეხებოდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისინი ჩამოსულები იყვნენ კონკრეტული დავალების შესასრულებლად და ჰქონდათ ისეთი მოწოდებები, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ა.შ., შეხვედრას კი ფასი აქვს მხოლოდ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არიან ობიექტურები. „შეიძლება შეხვედრა ღირდეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც აკლიათ ინფორმაცია, რომლებიც არიან ობიექტურები. თქვენ გახსოვთ, იყო, გაიმართა ასეთ ადამიანებთან შეხვედრები არჩევნებამდე, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც აკეთებდნენ იმას, რაც ჰქონდათ გასაკეთებელი, რაც ჰქონდათ დავალებული. ამ მოთხოვნის მიზანი იყო, რომ ეჩვენებინათ, თითქოს რაღაც სცადეს და ჩვენ ვუთხარით უარი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აქაც ვერაფერი მოიგეს. აქ იყვნენ წარმოდგენილნი ადამიანები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუ არ ვცდები, 8 კაცისგან შედგებოდა დელეგაცია და ერთ-ერთი მათგანი, სხვათაშორის, საერთოდ არ მივიდა აქციაზე, ანუ გამოეყო შესაბამის ჯგუფს, ესეც საინტერესო დეტალია. აქ იყო რამდენიმე უცხოელი დეპუტატი, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულნი ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში და ახლა ეს ადამიანები გვესაუბრებიან საარჩევნო დარღვევების თემაზე. თვითონ არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს და ახლა ჩამოდიან, როგორც „ობიექტური შემფასებლები" იმ არჩევნებისა, რომელიც ჩატარდა საქართველოში. არ შეიძლება ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი" გვიფასებდე აქ არჩევნებს. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს. რვავე ასეთი არ იყო, მაგრამ დელეგაციის ნახევარი ჩართული იყო წინასაარჩევნო აგიტაციაში, გახსოვთ, რა მოწოდებებით გამოდიოდნენ სცენაზე ბოლო ვიზიტის დროს, იყო მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლება და აღარ მინდა ყველაფერს შევეხო. ამიტომ, არავითარი აზრი და ფასი ამ ადამიანებთან შეხვედრას არ აქვს, როცა წინასწარ იცი, რომ ბოლოს მაინც ის დავალება უნდა შეასრულონ, რომელი დავალებითაც ჩამოვიდნენ,"- განაცხადა პრემიერმა.