15-11-2024
ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის მსგავსი კანონის მიღებას ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებენ და მიდგომები მსოფლიო მასშტაბით ცოტა შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიდგომები ამერიკის შეერთებულ შტატებში ცალსახად შეიცვლება, შესაბამისად, ამერიკიდან ვეღარავინ მოითხოვს ამ კანონის გაუქმებას.
„ვფიქრობ, რომ ეს მიდგომები ანალოგიურად აისახება ასევე ევროპულ მიდგომებზეც, ანუ იქაც აპირებენ იგივე კანონმდებლობის მიღებას. ჩვენ დღესაც ღია ვართ ამ დისკუსიისთვის. თუ რომელიმე პუნქტზე დაგვიმტკიცებენ, რომ აქ რაიმე არის შეუსაბამო, ან სამართლებრივ პრინციპებთან, ან ზოგად ფასეულობებთან, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ჯერ დაგვიმტკიცონ, რომ ეს არის არასწორი, რომ კაცი კაცია არის არასწორი, ქალი ქალია არის არასწორი. ცენზურაზე საუბრობდნენ. 2 მამაკაცის ინტიმური სცენა რომ არ შეიძლება იყოს ფილმში და არ შეიძლება ეს მაგალითად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუშვას, ეს ხომ ელემენტარული საკითხია. არა, არ შეიძლება შენ ეს აკრძალო და ეს არის ცენზურა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე თუ კერძო ტელევიზიაში, ჩვეულებრივად შეიძლება გავიდეს ფილმი, რომელიც შეიცავს ერთსქესიან ინტიმურ სცენას. მარტივ ჭეშმარიტებაზე გვაქვს საუბარი. როდესაც ევროკავშირის სახელით გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი არის უბედურება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ის არის ბედნიერება, რაც უნდა აიკრძალოს, ლგბტ პროპაგანდას ვგულისხმობს, ეს გამაოგნებელია ჩემთვის. არავითარ შემთხვევაში ეს კანონი არ ზღუდავს ადამიანის უფლებებს.
ჩვენთან ადამიანის უფლებები არის უმაღლეს დონეზე დაცული, მათ შორის, რა თქმა უნდა, განურჩევლად ადამიანის ცხოვრების წესისა. ყველას აქვს თავისი არჩევანი, თავისი ცხოვრების წესი, სახელმწიფო ამაში ვერანაირად ვერ ჩაერევა, ვერც განიკითხავს და განსჯის ადამიანებს იმის გამო, რომ მათ აქვთ ესა თუ ის ცხოვრების წესი. ეს საერთოდ არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც იზღუდება ამ კანონით, ეს არის პროპაგანდა. არავის ვეხებით, ვერც შევეხებით და განვსჯით ვერავის, ვინმეს მორალურად განსჯა არ არის სახელმწიფოს საქმე. ერთადერთი, რასაც სახელმწიფო აკეთებს, არის დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის დაკისრება, მაგრამ ადამიანის მორალურად განსჯა არ არის სახელმწიფოს საქმე. შესაბამისად, ეს არ არის არც ამ კანონის საქმე და ეს არ წერია ამ კანონში. ერთადერთი, რაც იზღუდება ამ კანონით, არის ის უხეში პროპაგანდა, რომელმაც მძიმე შედეგებამდე მიიყვანა საზოგადოებები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მძიმე სტატისტიკა. ტრადიციულად, 2-3% თუ იყო ლგბტ პირების რაოდენობა, არა მარტო მათი რაოდენობა, ვინც საჯაროდ აცხადებდა, ლგბტ პირებისა, რაც დადგენილი იყო კვლევების საფუძველზე, იყო 2-3%. დღეს, 18-25 წლის ახალგაზრდებში, ამ ქვეყნებში, სტატისტიკა უკვე შეადგენს დაახლოებით 20%-ს და რომ ავიღოთ 26-32 წლის ახალგაზრდები, სტატისტიკა შეადგენს 7%-ს. წარმოიდგინეთ, რომ პროპაგანდის ხარჯზე, 7-წლიან ინტერვალში, 3-ჯერ გაიზარდა ლგბტ პირების რაოდენობა ამ საზოგადოებებში. ჩვენ არ გვინდა ამის დაშვება სხვადასხვა, მათ შორის, პრაგმატული მიზეზების გამო, რომ ისედაც გვაქვს პრობლემები დემოგრაფიის კუთხით და არ გვინდა, კიდევ უფრო მეტად დავამძიმოთ ჩვენთან ვითარება ამ თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა „გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე.
„ადამიანები გვეუბნებიან მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ არ ვარგა. გვეუბნებიან, რომ NGO-ების გამჭვირვალობას სჯობს NGO-ების ბუნდოვანება. მარტივად რომ დავიყვანოთ ერთ მესიჯამდე, რასაც რუსულ კანონს უწოდებენ, ეს არის ის, რომ NGO-ების ბუნდოვანება სჯობს NGO-ების გამჭვირვალობას და როგორ შეიძლება, ევროპიდან ან ამერიკიდან ამას გეუბნებოდნენ. თავი დავანებოთ იმას, რომ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ასეთი კანონები, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და .ა.შ. მარტივ მესიჯამდე დადის ეს ყველაფერი, რომ NGO-ების ბუნდოვანება სჯობს NGO-ების გამჭვირვალობას. როგორ შეიძლება, ამას ევროპელი ან ამერიკელი გეუბნებოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ აქაც, ამ ბოლო ცვლილებების შემდეგ, რაც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველ რიგში, ეს მიდგომებიც შეიცვლება და ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე აღარავინ გაკიცხავს საქართველოს ხელისუფლებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.