6-11-2018
ახალციხეში, კოსტავასა და რუსთაველის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დღის განმავლობაში, გზები პერიოდულად ჩაიკეტება.
საგზაო სამუშაოებს „შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო №2“ ახორციელებს. კომპანიის დირექტორის, ავთანდილ კაჭკაჭიშვილის თქმით, ზუსტად სად და როდის მოუწევთ გზების გადაკეტვა ეს წინასწარ გარკვეული არ არის: „თუმცა, სხვადასხვა დროს ქუჩების ნაწილი დაიკეტება. სამუშაოები 25 ნოემბერამდე გაგრძელდება“.
კოსტავას ქუჩის დაკეტვის შემთხვევაში მძღოლებს გადაადგილება შემოვლითი გზებით, ანდრია პირველწოდებულის და ივერიელის ქუჩების გავლით მოუწევთ. რუსთაველის ქუჩაზე კი გზის მხოლოდ ნაწილს ჩაკეტავენ: „კოსტავაზე 2/3 შემასწორებელი ფენა უკვე დაგებულია. ამავე ქუჩაზე, ასევე ორმულების შესწორებაც მიმდინარეობს. დღის განმავლობაში კი ისევ შემასწორებელი ფენის დაგებას გავაგრძელებთ. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩას, აქ ახლა ვიწყებთ შემასწორებელი ფენის დაგებას“.
რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე სამშენებლო სამუშაოები, დაახლოებით, მეორე კვირაა მიმდინარეობს, ამიტომ გზების ნაწილი პერიოდულად იკეტება. თუმცა, ამ დრომდე ახალციხის მერიას გზებზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია: „საზოგადოებისთვის ამის შესახებ არ გვიცნობებია, ამას სამომავლოდ გამოვასწორებთ და მოქალაქეებს წინასწარ შევატყობინებთ სად რომელი ქუჩა დაიკეტება“.
რუსთაველის ქუჩის 337 მეტრი სიგრძის მონაკვეთი 9 აპრილიდან საფარის მონასტრის შესახვევამდე და 295 მეტრი სიგრძის გზა თბილისი-ახალქალაქის გზატკეცილის წრიულიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მოასფალტდება.
ასევე, მოასფალტდება კოსტავას ქუჩის 923–მეტრიანი მონაკვეთი თამარ მეფის ხიდიდან ახალციხის შენობამდე.
რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების დაახლოებით 1 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 677 414 ლარი გამოიყო.