გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: ოპოზიცია იკვებება მოქალაქეთა გადასახადების ხარჯზე, ბიუჯეტიდან ავსებენ თავის პარტიულ და წინასაარჩევნო ყულაბებს, მაგრამ უარს აცხადებენ თავის სადეპუტატო მოვალეობების შესრულებაზე

17-11-2024

„დღეს „გოიმობა” არა თუ „ტეხავს” – ის სულის გადარჩენის საქმეში დამღუპველია და განწირულია გარდაუვალი დამარცხებისთვის. საქართველო არასდროს არ იყო „გოიმების” ქვეყანა – და უკვე აღარც იქნება“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ტერმინ „გოიმის“ მნიშვნელობას განმარტავს.


კერძოდ აღნიშნავს იმას, თუ რა აქვს საერთო ამ ტერმინს ქართულ პოლიტიკასთან.


„სიტყვა „გოიმი” ბიბლიაში გვხდება სამჯერ და სამივეჯერ ნიშნავს „წარმართს” ან „წარმართულს”. თანამედროვე გაგებით და საქართველოსთან მიმართებით, ამ კატეგორიას თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ, როგორც ქვეყნისთვის არატრადიციული სარწმუნოებრივი თუ მსოფლმხედველობითი შეხედულებების მქონე, ასევე ახალი „მცნებების” შემქმნელი და მატარებელი საზოგადოების ნაწილი, ვინც დღეს „გენდერულ მრავალფეროვნებას”, „სქესობრივ ორიენტაციას”, „ფემიციდს” თუ სხვა ნეოწარმართულ სწავლებებს ქადაგებს, ნერგავს ადამიანის ცნობიერებაში ამ მცნებათა „კანონიკურობას”, ახდენს მათ პოპულარიზაცია/პროპაგანდას და ადამიანის უფლებების დაცვის სფერო, მხოლოდ ამ სიმახინჯეთა დაცვამდე დაჰყავს. საქართველოში ამ გაუკუღმართებულობების თაყვანისმცემლები ამავდროულად „გლობალური ომის პარტიის” („გოპ”) მარიონეტებს, ანუ „გოპ-ნიკებს” წარმოადგენენ. სწორედ ისინი დგანან მცნებათა აღრევის, სიმართლის თავდაყირა დაყენების, „ჩემი – შენ გითხარი“-ს პრინციპების პრაქტიკის სათავეში, რაც აქტიურად ინერგება ჩვენთან უკვე ორი ათწლეულის განმავლობაში. ამ „გოპ-ნიკების” ე.წ. „პოლიტიკური” ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის სულ რაღაც ცხრა წელიწადში, რუსეთის ნეოიმპერიალისტური მადა საქართველოში დააკმაყოფილა უკლებლივ ყველა მიმართულებით (ტერიტორიული, სამხედრო, ეკონომიკური, სადაზვერვო და ა.შ.) – დღეს აქეთ გვდებს ბრალს „მონობასა” და „რუსეთუმეობაში”.


მცნებათა მსგავსი აღრევა ეწია ტერმინ „გოიმსაც” – როდესაც საუკუნოვანი ტრადიციების, მრწამსის, კულტურის მიმდევრებს ამკობდნენ ამ დამამცირებელი „იარლიყით”, მაშინ, როდესაც ამ ტერმინის დედააზრის მატარებლები თავად იყვნენ და არიან. დღეს უეჭველი, კანონიკური (და არა აპოკრიფული) „გოიმია”: „გოპ-ნიკების” მიერ მართული ფსევდოლიბერალიზმის ნებისმიერი წარმომადგენელი საქართველოში – რიგითი ამომრჩევლიდან მათ ე.წ. „პოლიტიკოსებამდე”. დღეს, მადლობა ღმერთს, „გოიმების” მასა საქართველოში აღარ წარმოადგენს იმ კრიტიკულ ნიშნულს, რომლის პიკმა გადაიარა და ამ პროცესების უტყუარი ინდიკატორია ჩვენი „გოიმების” პოლიტიკურ ველზე მიმდინარე „აფეთქებების და თვითდაზიანებების სერიალი”. პარტია „ხალხის ძალა” (მათ შორის) ქვეყნის ამ „დე-გოიმიზაციის” პროცესებს სწორედ იმ მომენტში ჩაუდგა სათავეში, როდესაც საქართველოში „ქარის წისქვილებთან ბრძოლის” არადამაჯერებლობამ, გვაიძულა თავად „მეწისქვილესთვის” გამოგვეცხადებინა ომი.


ან კიდევ ერთი მოვლენა და ტერმინების აღრევა - ალბათ გახსოვთ, როგორ იდევნებოდნენ და იბულინგებოდნენ საქართველოში „იეღოვას მოწმეთა” სექტის მიმდევრები. მერე მიღებული კანონის ფარგლებში, იურიდიულ პირად გატარდნენ და ამ დევნის ტალღაც რაღაცნაირად ჩაცხრა. ატარებენ შაბათობით თავის სამლოცველო სახლებში თავის მსახურებებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ამ დროს, რაში გამოიხატება მათი პრობლემა სახელმწიფოსთვის და რა მსგავსებაა მათსა და დღევანდელ ოპოზიციას შორის? იეღოველები არ სცემენ პატივს ძირითად სახელმწიფოებრივ ატრიბუტებს – დროშას, გერბს, ჰიმნს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა. შ. ოპოზიცია არ სცემს პატივს ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს და საკუთარ ამომრჩეველსაც კი. იეღოველებს ეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ამით ჩვენს ოპოზიციაზე უფრო პატიოსნად იქცევიან. ოპოზიცია თავისი პოლიტიკური სუბიექტების სახით, იკვებება მოქალაქეთა გადასახადების ხარჯზე, ბიუჯეტიდან ავსებენ თავის პარტიულ და წინასაარჩევნო ყულაბებს, შემდგომ იეღოველებივით, უარს აცხადებენ თავის სადეპუტატო მოვალეობების შესრულებაზე, თუმცა არა სადეპუტატო პრივილეგიებზე უარის თქმის ხარჯზე (ხელფასი, თანამდებობა, სამსახურებრივი მანქანა, მივლინებები, იარაღის ტარების უფლება და ა.შ.). იეღოველები უარს აცხადებენ სამშობლოს დაცვაზე იარაღით ხელში არ მსახურობენ ჯარში და ომის პირობებში, მოწინააღმდეგის პოტენციურ „მეხუთე კოლონას” წარმოადგენენ. ოპოზიციური „გირჩი” ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში თავის სექტანტებს 30 ვერცხლის საფასურად (ცნობა 30 ლარი ღირდა) იურიდიულად უფორმებდა უარს საკუთარ ეკლესიაზე, სამშობლოზე, მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე. და აი, ეს მავნებლები დღეს „აშინებენ” საზოგადოებას, რომ თავის პარაზიტულ საქმიანობას ისევ და ისევ გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე სახლებიდან ან ქუჩიდან გააგრძელებენ? დღეს ქვეყანაში ამ პოლიტიკური სექტანტებისა და „გოიმების“ ურჩხულის საბოლოოდ დამარცხების ჟამი დგება, დღეს ქართველი „გოიმების” ნაწილის მაინც – ნათელ, „მამაპაპისეულ” მხარეზე გადმოყვანის დრო დგება, რა თქმა უნდა, ქრისტესმიერი სიყვარულით მათ მიმართ და დაუნდობელი მიდგომით ანტიქრისტეს ტახტმაშენებლებთან მიმართებით. დღეს საქართველოში „გოპ-ნიკების” მიერ წაქეზებული და დაფინანსებული „გოიმების”, მათთვის სახიფათო და მომაკვდინებელი ტყვეობიდან და მძევლობიდან გამოყვანის პერიოდი იწყება. დღეს „გოიმობა” არა თუ „ტეხავს” – ის სულის გადარჩენის საქმეში დამღუპველია და განწირულია გარდაუვალი დამარცხებისთვის. საქართველო არასდროს არ იყო „გოიმების” ქვეყანა – და უკვე აღარც იქნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.