17-11-2024
გიორგი ვაშაძეზე რა უნდა ვთქვა?! ადამიანი, რომელიც უბრალოდ ყველანაირი პოლიტიკური, მორალური ღირსებისგან დაცლილია და ეს განცხადება პირდაპირი მოწოდებაა, რომ ასეთი ქმედებები, დანაშაულები განხორციელდეს და ჩადენილი იქნეს, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომლის თქმითაც, „ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადაც გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში, ეს არის გეგმა“.
მისივე თქმით, თითოეული ადამიანი, რომელსაც დავალებას მისცემენ, რომ დანაშაული ჩაიდინოს, მიტოვებულებად დარჩება, არავითარი პატრონი არ ეყოლება და ეს კარგად უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მიიღებენ „ნაცმოძრაობისგან“ დავალებებს და დანაშაულზეც კი წამსვლელები არიან.
„ჩვენ კარგად უნდა გავახსენოთ ქართველ ხალხს და მათ შორის ამ ძალის მხარდამჭერებსაც, რომ მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, როდესაც აქციები მიმდინარეობდა პარლამენტთან, როდესაც დაზიანდა სახელმწიფო ქონება და ადამიანები პასუხისგებაში არიან მიცემულები სხვისი ნივთის დაზიანების გამო, მიტოვებულები არიან ახლა „ნაციონალური მოძრაობისგან“ და თითოეული ადამიანი, რომელსაც დავალებას მისცემენ, რომ დანაშაული ჩაიდინოს, ისევე მიტოვებულებად დარჩება და არავითარი პატრონი არ ეყოლება. ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს იმ ადამიანებმა, რომლებიც მიიღებენ „ნაცმოძრაობისგან“ დავალებებს და დანაშაულზეც კი წამსვლელები არიან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.