17-11-2024
არანაირი პროტესტი ოპოზიციაში რეალურად არ არის. დღეს ხომ აქვთ გენერალური რეპეტიცია, ჩემგან გაგიკვირდებათ, მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ 300 და 400 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება 2 მილიონ ხმაში, რომ გამოვიდნენ გარეთ, გააპროტესტონ, აჯანყდნენ, უბრალოდ შევხედოთ რამდენ ადამიანს სჯერა, რომ 300 და 400 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება, - განუცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს თერჯოლაში ყოფნისას.
მისივე თქმით, რაც უფრო ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომა, მით უფრო აგრესიულები ხდებიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები.
„ამ სისულელეს ხომ აჯერებენ ხალხს, რომ 300 ათასი ხმა ჩავამატეთ, პროპორციულად ეგზიტპოლში რა როგორ იყო, ერთ პარტიას ორჯერ მეტი ხმა რომ ჰქონდა მეორე პარტიაზე, იმან პროპორციულად არ დაიკლო? თუ რა მოხდა იქ საერთოდ? თუკი ვინმეს მართლა სჯერა ამ ქვეყანაში, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, ისინი ყველა ქუჩაში უნდა გამოვიდნენ და უნდა ვნახოთ რამდენი ადამიანი შეიძლება მოტყუვდეს, რომ 300 ათასი ხმის გაყალბება 2 მილიონ ადამიანში ასე თავისუფლად შეიძლება რომ ვერაფერი იმ დღეს ვერ გაიგონ და მესამე და მეოთხე დღეს გაახსენდეთ, რაღაცამ საიდანღაც გაჟონა თუ არ გაჟონა. კონვერტი რომ დამოკლდა ეს უნდა მოიტყუონ, ქაღალდი რომ უფრო სიფრიფანა გახდა ეს უნდა დაიჯერონ და რამდენ ადამიანს სჯერა ამის შესახებ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ.
რაც უფრო ახლოვდება პარლამენტის პირველი სხდომა, მით უფრო აგრესიულები ხდებიან მათი ლიდერები და რამდენიმე ასეული ადამიანია სულ, მაგრამ იმ რამდენიმე ასეული ადამიანის გარდა დღეს სრული მობილიზაცია ხომ აქვთ ქვეყანაში, ამ სრული მობილიზაციის ფარგლებში ყველას მოვუწოდებ, რომ გააპროტესტონ გაყალბებული არჩევნები, რომელიც თურმე გაყალბდა 300 ათასი ხმით. შევხედოთ, დავრწმუნდეთ რამდენი ადამიანია ისეთი ამ ქვეყანაში, რომელსაც ამ ტყუილს შეასაღებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.