18-11-2024
„გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმა სამართლებრივად შეფასდა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა მედიებმა ეს ფაქტი დავით კირთაძის დევნად შეაფასეს“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რომელიც აფასებს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს, თითქოს დავით კირთაძე არის დევნის მსხვერპლი.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ კირთაძის მიერ განხორციელებული თავდასხმა გიორგი კალანდარიშვილზე, კარგად იყო ორგანიზებული ოპოზიციის მიერ. ხოლო რამდენადაა ის დევნის მსხვერპლი, ექსპერტის თქმით, საზოგადოებას დასკვნის გაკეთება თავად შეუძლია. საამისოდ, პოსტში თამთა მეგრელიშვილს რამდენიმე ფაქტი მოჰყავს:
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირთაძემ დავალება „5“- ზე შეასრულა და გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, უპატივცემულობისა და პროტესტის ნიშნად, რომელსაც ოპოზიცია ცესკოს უცხადებს. გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმა სამართლებრივად შეფასდა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა მედიებმა ეს ფაქტი დავით კირთაძის დევნად შეაფასეს.
ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში და არის, თუ არა ეს დავით კირთაძის დევნა თავად შეაფასეთ: დავით კირთაძის მეუღლემ რომელიც ცესკოში მაღალ პოზიციაზე მუშაობს, ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე.
დავით კირთაძემ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე მწვავედ, მაგრამ უსაფუძვლოდ გააკრიტიკა ცესკო, გიორგი კალანდარიშვილთან არაკორექტული შეპასუხებით მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისთვის დარბაზის დატოვება ეთხოვათ, ის წამოდგა და დარბაზიდან გასვლამდე მის მიერ საგანგებოდ შეტანილი წინასწარ მომზადებული შავი საღებავი პირდაპირ თვალებში შეასხა გიორგი კალანდარიშვილს. ოპოზიციური მედია ყველა რაკურსიდან იღებდა ამ ფაქტს, თითქოს ისინიც ამისთვის იყვნენ მომზადებულები. დავით კირთაძემ უკადრებელი იკადრა, რადგან მისი ეს ქცევა არ ჯდება არც კაცური და არც პოლიტიკური ქცევის კულტურაში. ამ ყოველივეს შემდეგ ოპოზიცია უშედეგოდ ცდილობს არჩევნების გამყალბებელი კირთაძე გმირი გახადოს. შეგახსენებთ ის (2007-2013 წლებში) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო. დიდი ალბათობით, აღნიშნულ პოლიტიკურ მასკარადში სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთვება და კირთაძის გმირად ქცევაში ისიც შეიტანს საკუთარ პოლიტიკურ წვლილს. ამ სცენარში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ აღნიშნული პროვოკაციის შესრულების სანაცვლოდ კირთაძეს დაჰპირდნენ დახმარებას საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაში (ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ აქვთ) და ფინანსურ უზრუნველყოფას 2 წლის მანძილზე. ასე რომ, ახლა თავად შეაფასეთ დავით კირთაძე იდევნება თუ წინასწარ განზრახული, კარგად დაგეგმილი უკანონო საქციელისათვის კანონი განსჯის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.