18-11-2024
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. გიორგი შარაბიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტაციის და ბულინგის კამპანიას, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით ინტენსიური სახე მიიღო. 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, სოციალურ მედიაში მიმდინარე ბულინგის კამპანია, პირად სივრცეში შეჭრის მცდელობა და აქციები საცხოვრებელ სახლთან დიდი ხანია გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და ეთიკის საზღვრებს.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ნათელია, რომ გასული წლების პრაქტიკის მსგავსად, ეს პერსონალური თავდასხმები ამჯერადაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ დისკრედიტაციის და ბულინგის კამპანიის ავტორებს, არჩევნებთან მიმართებაში გაჟღერებული ბრალდებების დასამტკიცებლად არგუმენტები არ აქვთ. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავად იყო ინიციატორი, რომ ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით დადგენილიყო ჭეშმარიტება და სწორედ ამიტომ მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით. თუმცა როგორც ჩანს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც მათივე გაჟღერებულ ბრალდებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ფაქტებით ვერ ადასტურებენ, პერსონალური თავდასხმებით და დისკრედიტაციული კამპანიებით და შეურაცხმყოფელი ქმედებებით ცდილობენ საზოგადოებაში მათთვის სასურველი აღქმების შექმნას. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მიუხედავად გარკვეული წუხილებისა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა თავიანთ წინასწარ ანგარიშებში თუ შეფასებებში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და მის მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასეს კარგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები უყურადღებოდ არ დატოვებენ მომხდარს, ამასთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს ასახავენ საბოლოო ანგარიშებში და არ დაუშვებენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობაში ჩარევის იმგვარი სტანდარტის შექმნის მცდელობას, როგორსაც ახლა ვხედავთ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვადასხვა ჩართული მხარის მიერ ეს შესაძლოა იყოს აღქმული როგორც დასაშვები ქმედება, რაც თავის მხრივ ნეგატიურ, საზიანო და ხანგრძლივ გავლენას იქონიებს საარჩევნო კომისიების დამოუკიდებლობასა და ფუნქციონირებაზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესზე. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს შეაფასონ მომხდარი ფაქტი და ღიად განაცხადონ რამდენად ჯდება ის პროტესტის გამოხატვის საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებში.
აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრატორების დამოუკიდებლობის დასაცავად და უსაფრთხო და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
საარჩევნო ადმინისტრაცია მტკიცედ რჩება თავის მისიაში, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, მიუხედავად დეზინფორმაციისა და ზეწოლის კუთხით არსებული გამოწვევებისა“ –აცხადებს გიორგი შარაბიძიე.