19-11-2024
20 ნოემბერი ფერმერის დღეა. მიმდინარე წელს, ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 30 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 12:00 საათზე, მე-6 პავილიონში აგრობაზრობა გაიხსნება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 13:00 საათზე მე-3 პავილიონში ჩატარდება. დამსწრე საზოგადოებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სიტყვით მიმართავს. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.
ოფიციალური ღონისძიების დასკვნით ნაწილში 2024 წლის წარმატებულ ფერმერებს დააჯილდოებენ. გამოვლინდება 9 ნომინაციაში გამარჯვებული ფერმერი (წლის ახალგაზრდა ფერმერი, ქალი ფერმერი, კაცი ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონში დაბრუნებული ფერმერი, ინოვატორი ფერმერი, ეკოფერმერი, აგროტურიზმზე ორიენტირებული ფერმერი და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი).
„ფერმერის დღის“ აღნიშვნის პარალელურად, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ „სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერის დღეს 2015 წლიდან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად აღნიშნავს.