1-12-2024
„ქალბატონი სალომე, თავის წინა პერიოდს იხსენებს ალბათ. ვიცით, როგორი იყო მისი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიასთან და ვიცით, რას ნიშნავს სიტყვა „ხუნტა“ და რა იყო მაშინ გადატრიალების და სხვადასხვა ასეთი პროცესები, ვიცით და გვახსოვს, რომელ მხარეს იდგა მაშინ სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის „საზოგადოებრივი საბჭოს“ შეფასებისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილს იმდენად აქვს ქვეცნობიერში ჩაბეჭდილი კონსტიტუციის და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა, რომ ის ახლაც ამ ინსტინქტებით მოქმედებს. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი კი, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა, არამედ, სახელმწიფოს ღალატია.
„როგორც ჩანს, სახელმწიფოს, კონსტიტუციის და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა იმდენად ღრმად არის მის ქვეცნობიერში ჩაბეჭდილი, რომ ეს ინსტინქტები მასში ახლაც იღვიძებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ წასვლა, რაც არის არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გახლავთ სახელმწიფოს ღალატი და სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.