2-12-2024
„ნაცმაიდნის" მოწყობის მცდელობები არის უცხოეთიდან დაფინანსებული და დაფინანსება ხორციელდება გაუმჭვირვალედ, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ კონკრეტული ძალები კანონს „გამჭვირვალობის შესახებ", მათ სურდათ გაუმჭვირვალედ რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში, თუმცა ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ ვერავითარი „ნაცმაიდანი" და რევოლუცია საქართველოში ვერ მოეწყობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებმა ერთობლივი განცხადებით, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ ისინი დგანან საქართველოში კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმის უკან.
„გუშინ საღამოს, ოთხმა პარტიამ აღიარა, რომ სწორედ ისინი დგანან კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმის უკან. გუშინ გავრცელდა ოთხი პარტიის - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიების ერთობლივი განცხადება, მათ, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ სწორედ ისინი დგანან იმ თავდასხმის უკან, რომელიც ხორციელდება კონსტიტუციურ წყობილებაზე საქართველოში. საქართველოში უცხოური დაფინანსებით „ნაცმაიდნის" მოწყობის მესამე მცდელობაც ჩავარდა. პირველი მცდელობა იყო უშუალოდ 2022 წლის ივნისში, როდესაც არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ეს საკითხი საბაბად გამოიყენეს რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების" წარმომადგენლებმა, რომ ქვეყანაში მოეწყოთ „ნაცმაიდანი", თუმცა ეს გეგმა ჩავარდა. მოგვიანებით იყო ასევე მცდელობა, რომელიც უკავშირდებოდა „გამჭვირვალობის კანონს", „ნაცმაიდნის" მოწყობის ეს მცდელობაც ჩავარდა და ახლა, მესამე მცდელობა, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მეოთხე იყო, 2 მცდელობა იყო კანონთან დაკავშირებით, „ნაცმაიდნის" მოწყობის მეოთხე მცდელობაც ჩავარდა საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ეს მცდელობები არის უცხოეთიდან დაფინანსებული და დაფინანსება ხორციელდება გაუმჭვირვალედ, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ კონკრეტული ძალები კანონს „გამჭვირვალობის შესახებ", მათ სურდათ გაუმჭვირვალედ რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში. ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ ვერავითარი „ნაცმაიდანი" და რევოლუცია საქართველოში ვერ მოეწყობა,"- განაცხადა პრემიერმა.