3-12-2024
ჩვენთვის თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით თითოეული ახალგაზრდა არის ძვირფასი, მოვუწოდებ ყველა მშობელს, საკუთარი შვილები მაქსიმალურად მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე ტიპის იდეოლოგია, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ.
„იცით, რამდენი ახალგაზრდა დაღუპეს ამ იდეოლოგიით, მათ შორის ცნობილი სახეები, როგორიც იყვნენ გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები. ნებისმიერი ასეთი რადიკალური იდეოლოგია არის ძალიან სარისკო განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მინდა, მოვუწოდო თითოეულ მშობელს, მაქსიმალურად მოარიდონ საკუთარი შვილები ლიბერალური ფაშიზმის ნებისმიერ კერას. ეს კერები დაკავებული არიან კონკრეტული საქმიანობით, ეს არის მაგალითად, ნარკოტიკების თავსმოხვევა ახალგაზრდებისთვის, არატრადიციული ინტიმური ურთიერთობების თავსმოხვევა და შემდეგ ამ ყველაფრის კომპრომატებად გამოყენება, ეს არის ყალბი ფასეულობების ჩანერგვა ადამიანებისთვის, საკუთარ ოჯახებთან დაპირისპირება და ა.შ. ამ ყველაფრის მსხვერპლი არის უამრავი ახალგაზრდა. საბედნიეროდ, ისინი არიან უმცირესობა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენთვის თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით თითოეული ახალგაზრდა არის ძვირფასი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მშობელს, საკუთარი შვილები მაქსიმალურად მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.