3-12-2024
[ტრამპის] ინაუგურაციაც შედგება, საბედნიეროდ ბევრი დრო აღარ არის დარჩენილი და ნელ-ნელა გადაიტვირთება ჩვენი და ამერიკელი ხალხის ურთიერთობები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„შეგიძლიათ მითხრათ რას აპროტესტებენ თბილისის ქუჩებში დემონსტრანტები? მე თვითონ გიპასუხებთ, რომ უხერხულობა მოვხსნათ - „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლითაც მან [პარტიამ] შეწყვიტა ევროინტეგრაცია. ტყუილია, არ შეგვწყვეტია. აპროტესტებენ განცხადებას, რომ თითქოს ვაჩერებთ მოლაპარაკებებს. ხომ ამბობენ ამას? - ტყუილია, არაფერი შეგვიჩერებია, არც ყოფილა დაწყებული. რასაც აპროტესტებენ, ყველაფერი არის ტყუილი და თუ იტყვიან სიმართლეს, სიმართლე არის ერთი, რომ ჩვენ არ დავაყენებთ ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში [ევროკავშირში ინტეგრაციას]. აბა გამოვიდნენ და თქვან, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ „ქართული ოცნება“ თავისი მხრიდან არ დააყენებს დღის წესრიგში ვ. ასეთ რამეს ვინმე ამბობს? - არა. ამბობენ თავის ინტერპრეტაციებს.
ამ დარბაზში აღმოჩნდნენ ადამიანები, ყველაზე ჭკვიან ჟურნალისტებად რომ მიიჩნევიან თავიანთ კანტორებში, „ნაცმოძრაობაში“, რომლებმაც ევროინტეგრაცია და ევროპული ინტეგრაცია ვერ გაარჩიეს ერთმანეთისგან. ევროინტეგრაცია რა არისო, რომ კითხო, ვერ გიპასუხებს, რომ ეს არის პროცესი, რომელშიც მთავარი დოკუმენტები არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების შეთანხმება, რომელსაც მივყვებით ზედმიწევნით და აქ არის 35 თავი. რეფორმების დიდი ნაწილი შესრულებული გვაქვს, მაგრამ ვამბობთ, რომ 90%-ზე მეტი შესრულებული გვექნება 4 წლის შემდეგ. ამის მერე მივმართავთ [ევროკავშირს] ინიციატივით, მანამდე ინიციატივას არ დავაყენებთ. გახსნან [მოლაპარაკებები], ხელს ვაწერთ.
სამწუხაროდ, ამ [საპროტესტო] კამპანიაშია ჩართული შტატების საელჩოც, რომელიც როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციის დავალებით იქნევს კუდს, მაგრამ [ტრამპის] ინაუგურაციაც შედგება, საბედნიეროდ ბევრი დრო აღარ არის დარჩენილი და ნელ-ნელა გადაიტვირთება ურთიერთობები. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ერთ დღეში გადაიტვირთება და მეორე დღესვე ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ნელ-ნელა ამ ბიუროკრატულ დანატოვრებს მოვიშორებთ ჩვენ და ამერიკელი ხალხი ნელნელა გადაიტვირთება ჩვენი ურთიერთობაც“, - აღნიშნა მდინარაძემ.