გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მომავალი 4 წლის განმავლობაში პროცესები ჩადგება სხვა კალაპოტში

3-12-2024

საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმიანობა შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა. როგორც მან აღნიშნა, გლობალური პოლიტიკის მწარმოებელი ქვეყნის საელჩოს ძირგამომთხრელი საქმიანობა, პირველ რიგში თავად ამერიკის შეერთებული შტატების ძლევამოსილებას და ავტორიტეტს აყენებს ჩრდილს.


სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას მოუწევს ახალი პოლიტიკის განსაზღვრა და იმ ნაღმების განეიტრალება, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, მას ბაიდენის ადმინისტრაცია ახვედრებს.


„ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც მართლა გლობალურ პოლიტიკას აწარმოებდა და აწარმოებს დღემდე და სამარცხვინოა, რომ დღეს მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საელჩო ისე დაეცნენ, რომ თვითონ ამერიკის ძლევამოსილებას აყენებენ ეჭვის ქვეშ. საელჩო თავისი განცხადებებით ძირს უთხრის ამერიკის ავტორიტეტს. თუმცა, არსებობს უფრო სერიოზული პრობლემაც: იმ ძალადობასა და ვანდალიზმში, რასაც დღეს თბილისის ქუჩებში მომიტინგეთა ნაწილი აკეთებს, წამყვანი როლი აქვთ სწორედ ამერიკული გრანტებით დატრენინგებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც წლების განმავლობაში წვრთნიდნენ ამისთვის. ამას მე კი არ ვამბობ, ამას ამბობენ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ ბრალდებებს აჟღერებენ მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ. კერძოდ, აცხადებენ, რომ ვიქტორია ნულანდის ხელი ურევია იმ ყველაფერში, რაც ხდებოდა და დღესაც ხდება უკრაინაში და საქართველოში. პირდაპირ გამოვიდნენ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და თქვეს, რომ დღეს უკრაინაში რაც უბედურება ტრიალებს, როდესაც ასი ათასობით ადამიანი მოკლულია, გრძელდება ნგრევა, უბედურება, ამ ყველაფერში არის ძალიან დიდი წვლილი ამ ერთი კონკრეტული ადამიანის - ვიქტორია ნულანდის.


რაც შეეხება აშშ-ს საელჩოს საქართველოში, ვურჩევდი, ამ უაზრო ქარდების გამოქვეყნების ნაცვლად, იქნებ ჩამოყალიბდნენ - ეთანხმებიან თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ვიქტორია ნულანდზე მსგავს განცხადებებს აკეთებენ; მათ მოუწევთ განსაზღვრონ - ეთანხმებიან თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ არსებობს ორად-ორი გენდერი - ქალი და კაცი და არაფერი სხვა; ეთანხმებიან, თუ არა მათ პოლიტიკას, რომ ტრანსგენდერებს აუკრძალონ ამერიკულ ჯარში სამსახური.


ის, რაც საქართველოში ხდება, უფრო ფართო სურათის ნაწილია: ბაიდენის ადმინისტრაციამ, ხელისუფლების გადაბარების წინ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მაქსიმალურად არეული მსოფლიო დაახვედროს ახალს, რომ მან ვერ მოიცალოს თავისი შიდა საქმეებისთვის. შიდა საქმეებიდან, პირველ რიგში, ყველაზე მეტად რაც აწუხებთ დაპირება, რომ ტრამპი დაამარცხებს ე.წ. “დიფ სტეიტს” (ბიუროკრატიულ სახელმწიფოს), ანუ სახელმწიფოს მართვისა და მოწყობის იმ მოდელს, როცა ხალხი ირჩევს ერთ პოლიტიკურ ძალას, ხოლო რეალურ პოლიტიკას ახორციელებს სრულიად სხვა. როცა ბიუროკრატია საბოლოოდ აკეთებს იმას, რაც მათ განსაზღვრული აქვთ მრავალი წლის განმავლობაში და სრულებით არ აინტერესებს ხალხის არჩევანი. ხალხის არჩევანი უნდა განსაზღვრავდეს ამერიკის პოლიტიკას და არა ვიღაც კარიერული ბიუროკრატები,” - განაცხადა სოზარ სუბარმა.