4-12-2024
დღეს სახელმწიფო არის უფრო ძლიერი, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში რადიკალიზმი შემცირდება და ეს ასევე დაეტყობა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წელს შარშანდელთან შედარებით იქნება ეკონომიკური ზრდის ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი.
„ეკონომიკური ზრდა სწრაფი ტემპით გრძელდება, მათ შორის არა მარტო მესამე კვარტლის, მეათე თვის მონაცემებიც გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ნაწილში და ბრუნვა და ზრდა ერთმანეთთან კორელაციაშია. მე-10 თვეც, ანუ ოქტომბერი დასრულდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდით, შესაბამისად, ათი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10%. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს წელს, რაც შარშანდელზე მაღალი მაჩვენებელია.
რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ასეთ რამდენიმედღიან ძალადობას შეუძლია, მცირე რყევები გამოიწვიოს, მაგრამ ეს არის დროებითი, ლარი დასტაბილურდება როგორც ეს მოხდა წინა რყევების შემთხვევაში, რამდენიმე დღით შეიცვალა ლარის კურსი, შემდეგ დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს.
აქაც იგივე იქნება, ლარის კურსიც დასტაბილურდება, ეკონომიკაც დასტაბილურდება. ჩვენ წლის ბოლოსთვის გავალთ სულ მცირე 9,5 პროცენტზე, ეკონომიკურ ზრდის კუთხით გვექნება ძალიან მაღალი მაჩვენებელი. შარშანდელი მაჩვენებელი იყო 7,8 პროცენტი, წელს გვექნება ეკონომიკური ზრდის ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელი, თან ეს ხდება რადიკალიზმის ფონზე, მათ შორის საარჩევნო პერიოდში გახსოვთ, არ იყო მაინცდამაინც მშვიდი გარემო. ჩვენ მოვახერხეთ და 10 პროცენტით გავზარდეთ პირველ ათ თვეში ქვეყნის ეკონომიკა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, 4 რევოლუციის მოწყობის მცდელობა 4 წელიწადში, რა თქმა უნდა, ტემპი გვექნებოდა კიდევ უფრო მეტი, მაგრამ ეს არის ის, რისი წახალისებაც ხდება უცხოური დაფინანსებით. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი. დღეს სახელმწიფო არის უფრო ძლიერი, აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში რადიკალიზმი შემცირდება და ეს ასევე დაეტყობა ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.