4-12-2024
სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ ეს იყო დაგეგმილი ჩვენი გათვლებით დეკემბრისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა ასეთ პროცესებთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო დეტალი შემიძლია, გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დეკემბრისთვის დაგეგმილი. პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა ამოვიღეთ და ერთმანეთს შევადარეთ პირველი ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით წლევანდელი წლის სტატისტიკა და შევადარეთ შარშანდელი წლის 1- 27 ნოემბერს, რამდენი პროცენტით შეიძლება, იყოს გაზრდილი გაყიდვების მაჩვენებელი? 90 პროცენტით. პრაქტიკულად გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იყო დაგეგმილი. სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი.
ასევე დღეს ვნახეთ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებები როცა შევიდნენ შესაბამის ოფისებში, პარტიულ ოფისებში, იქიდან ხდება შესაბამისი მასალების ამოღება. უფრო მეტიც, როცა დაიწყო შესაბამისი ოპერაცია, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი, მაგალითად ელენე ხოშტარია და წინასწარ თქვა, რომ ისინი ყიდულობდნენ პიროტექნიკას და კვლავაც განაგრძობდნენ პიროტექნიკის შეძენას. ამით რეალურად ამ პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარეს პირდაპირ, რომ ამ სისტემური უხეში ძალადობის უკან დგას მთლიანად პარტიული რესურსი.
ცნობილი ჯგუფი არსებობს - „დაიტოვე", ვითომ გულწრფელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი, ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი აღმოჩნდა სტაჟიანი „ნაციონალი", რომელიც სააკაშვილს სტუმრობდა თავის დროზე უკრაინაში და ა.შ. არაფერი გულწრფელობა არ არის აქ, არის პარტიული ინტერესები, ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის ინტერესი და ეს ყველაფერი დევს დღეს უკვე ხელის გულზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.