5-12-2024
გმირი პოლიციელებისთვის გამოქვეყნებული სია არის ნამდვილი კომპლიმენტი, როდესაც ლიბერალ-ფაშისტები, „ნაცები" აქვეყნებენ შენს სიას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო იქნება ძალიან მკაცრი ლიბერალურ-ფაშიზმზე რეაგირების თვალსაზრისით.
„მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ქალბატონის მიერ გმირი პოლიციელების მეუღლეებისთვის მიძღვნილი ლექსი, სადაც ის მათ უწოდებდა „ჯალათის ცოლებს" და ეს ქალბატონი თავად არის ლიბერალური-ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი, თავად არის „ქოლცენტრის" მფლობელის ცოლი, კორუმპირებული ადამიანები, ლიბერალური ფაშისტები ასეთი ეპითეტებით მიმართავენ გმირი პოლიციელების ცოლებს. რა თქმა უნდა, ეს არის კომპლიმენტი მათთვის.
ხედავდით, რა ხდებოდა ზოგადად ამ დღეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში - ერთ მხარეს იყვნენ ევროპულად მოქმედი გმირი პოლიციელები და მეორე მხარეს იყვნენ სრულიად არაევროპულად მოქმედი „ნაცი" მოძალადეები. ეს არის საერთო სურათი. თითოეულ გმირ პოლიციელს შეუძლია იამაყოს იმისათვის, რაც გააკეთეს მათ საკუთარი სახელმწიფოსთვის, საკუთარი სახელმწიფოს სიმტკიცისთვის. თითოეულ „ნაცს" გაეცემა საკადრისი პასუხი.
საქართველოში რადიკალიზმი დამთავრდება, ლიბერალური ფაშიზმი დამთავრდება, ეს იქნება პასუხი იმ სიტყვიერ ძალადობაზე, რასაც ეს ადამიანები მიმართავენ. ბუნებრივია, სახელმწიფო იქნება ძალიან მკაცრი ლიბერალურ-ფაშიზმზე რეაგირების თვალსაზრისით."- განაცხადა პრემიერმა.