თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის საელჩოს განცხადებაზე: ბაიდენის პოლიტიკა ბოლო დღეებს ითვლის, საქართველო-ამერიკის მეგობრობა კი ხანგრძლივია. ნუ გაჰყვებით დროს!
5-12-2024
„სამწუხაროდ, „“მაიდნის” ავტორი გაცხადდა” - ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ენტონი ბლინკენის განცხადებას.
მისი აზრით, სწორედ ასეთ არადემოკრატიულ და ვასალურ დამოკიდებულებას უთხრა ქართველმა ხალხმა უარი ამ არჩევნებში და სწორედ ამიტომ ვერ შედგა „მაიდანი” საქართველოში.
„როგორც იქნა, ამერიკის საელჩომ ხმა ამოიღო და გამოგვიქვეყნა ენტონი ბლინკენის განცხადება. სანამ არ დარწმუნდნენ, რომ საქართველოში მაიდანი ჩავარდა, მანამდე ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედმა ხელმძღვანელობამ განცხადება არ გააკეთა. როგორც ჩანს, დარწმუნებულნი იყვნენ რომ ეს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდა, არადა, რამდენჯერ ვუთხარით შორიდან, რომ ცრუ მოლოდინები ჰქონდათ. ამ განცხადებაშიც აშკარად იგრძნობა არშემდგარი „მაიდნით“ გამოწვეული სიბრაზე. სამწუხაროდ, ქართული „მაიდნის” ავტორი გაცხადდა.
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, არადა, 6 დღის განმავლობაში მსოფლიო უყურებდა ყველაზე აგრესიულ და ძალადობრივ აქციას საქართველოში. ბუნებრივია, მასაც აქვს ნანახი, მაგრამ არ აწყობს ამის აღიარება. ბლინკენი აცხადებს, რომ მათ აწუხებთ დაშავებული მომიტინგეების ბედი, მაგრამ არაფერს ამბობს და არც აწუხებს 300-ზე მეტი დაშავებული პოლიციელის ბედი. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი სიტყვები - „პასუხს აგებთ”, ანუ, უცხო ქვეყნის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი ქვეყნის ხელმძღვანელობას ემუქრება და ეს არის პარტნიორობა? ენტონი ბლინკენის განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო მილიონზე მეტი ქართველის არჩევანის უტყუარობა.
სწორედ ასეთ არადემოკრატიულ და ვასალურ დამოკიდებულებას უთხრა ქართველმა ხალხმა -არა! სწორედ ამიტომ არ გამოვიდა ხალხი რუსთაველზე „მაიდნის“ მოსაწყობად. როგორც აღმოჩნდა, თავად ამ ოპოზიციის მხარდამჭერებსაც კი არ მოსწონთ ეს. ამერიკის საელჩოს მივმართავთ - ბაიდენის პოლიტიკა ბოლო დღეებს ითვლის, საქართველო-ამერიკის მეგობრობა კი ხანგრძლივია. ნუ გაჰყვებით დროს!” - წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.