5-12-2024
„უკრაინის ხელისუფლება რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო რაც შეეხება ამ სანქციებს ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, იმიტომ, რომ ამ უსამშობლოთა გაერთიანება, ჯაშუშური ქსელი, რომელიც ყოველდღე დასტურდება რეალურად რა საქმიანობით იყვნენ თურმე დაკავებულები, ეხვეწებიან თავიანთ პატრონებს, რომ რაიმე ქმედებები განახორციელონ, რაიმე სანქციები დააწესონ და რაც ვნახეთ ახლა უკრაინის მხრიდან, ფაქტობრივად შეგვიძლია ჩავუთვალოთ, რომ გადმოუგდეს უკრაინის ხელით თავიანთმა პატრონებმა ეს რაღაც სანქციების პაკეტი, რომელიც ჯერ არ ვიცით საერთოდ რას ნიშნავს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის მიერ დაწესებული სანქციები გარკვეული პერიოდით ასაზრდოებს ჯაშუშთა გაერთიანებას, ქსელს, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ოპერირებს ქვეყანაში ოპოზიციის სახით.
„რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ხელისუფლებისგან და იმ ადმინისტრაციისგან, რომელმაც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ არ გავუშვით სახელმწიფოს სახელით მოხალისე მეომრები და ა.შ. და ამავდროულად პირველი ვიყავით ჰუმანიტარული ტვირთით დახმარებაზე ჩვენი დები და ძმებისთვის, მე უკრაინელ ხალხზე, ჩვენ დებზე და ძმებზე მაქვს საუბარი და არა მის ხელისუფლებაზე და მის მოქმედ ადმინისტრაციაზე, ვნახეთ ელჩის გაწვევა რა მიზეზით, მერე ვნახეთ უმაღლესი ორგანოები და პირდაპირი მოწოდებები ომში ჩართვის თაობაზე.
ეს ხომ არაფერი წარმოდგენა არ არის და ინტერპრეტირება არ არის, პირდაპირ ეთერში უყურებდა საზოგადოების თითოეული წევრი ამ ყველაფერს, შემდეგ უკრაინიდან ჩვენი ელჩის გამოშვება, რომელიც ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როცა არცერთი ელჩი არ იმყოფებოდა მათ ქვეყანაში, იქ იყო და მიზეზი რატომ გამოუშვა? - თურმე სააკაშვილს აწამებს ხელისუფლება. სრული აბსურდი.
აი ასეთ ქმედებებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ისინიც მართულები არიან და რაც დაავალეს მათმა პატრონებმა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით და მკაფიოდ, ჩვენი ჯაშუშთა ქსელი ამ მოვლენების შემდეგ, თავიანთივე დაგეგმილი, დესტრუქციული მოვლენების შემდეგ ეხვეწებოდნენ, რომ რაიმე სანქციას და ქმედით ნაბიჯებს ეხვეწებოდნენ თავის პატრონებს, ხოლო ქმედითი ნაბიჯი ვნახეთ - უკრაინის ხელისუფლების ხელით გადმოუგდეს რაღაცა თემა, რომელიც კვირიდან კვირამდე ან დღიდან დღემდე ასაზრდოებს ჯაშუშთა გაერთიანებას და ქსელს, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციის სახით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.