6-12-2024
საქართველოს ეროვნულ ბანკში საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორებთან, საგადახდო მიმართულებით მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვის ფარგლებში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა სიტყვით გახსნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ, რომელმაც მონაწილეებს საგადახდო მიმართულების პროექტების ფარგლებში მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკი საგადახდო სისტემებზე წვდომას არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსაც მისცემს.
„არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის საგადახდო სისტემებზე წვდომა, გაზრდის კონკურენტიანობას და ხელს შეუწყობს ინოვაციური საგადახდო პროდუქტების დანერგვას. ჩვენს მიერ ორგანიზებული პრეზენტაციებისა და ტრენინგების სერია კი მიზნად ისახავს ახალი სუბიექტების მომზადებას საგადახდო სისტემაში ჩასართავად. პრეზენტაციები დაეთმობა როგორც საკანონმდებლო ასპექტებს, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
ღონისძიების ფარგლებში საგადახდო სისტემების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს გაუზიარეს საბანკო სექტორის გამოცდილება იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რაც საგადახდო ანგარიშების გახსნასა და სრულფასოვან მომსახურებას უკავშირდება, კერძოდ ისაუბრეს საერთაშორისო საბანკო ანგარიშის (IBAN) ფორმატის შესახებ, ასევე პროვაიდერებისთვის ახალ ვალდებულებებზე, რაც საინკასო დავალებების მართვას შეეხება.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოსაზრებები გამოეთქვათ ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებთან და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.