7-12-2024
პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი თბილისში მიმდინარე პროცესებს და ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს აფასებს.
მისი თქმით, მოვლენები თავიდანვე ე.წ. ფერადი რევოლუციის სცენარით ვითარდებოდა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ რადიკალები ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოეწვიათ პოლიცია და შეექმნათ ძალადობის შესაბამისი სურათი.
მომიტინგეები პეტარდებს, მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს საათობით, უხამსი სიტყვებით აყენებდნენ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომ ამით გამოეყვანათ ისინი მწყობრიდან და შეექმნათ მაქსიმალური დაძაბულობა. სოზარ სუბარი საზოგადოებრივ მაუწყებელთან განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს. მისი თქმით, მოვლენები იქაც ზუსტად იმავე სცენარით განვითარდა, როგორც ვითარდებოდა პარლამენტის წინ.
მომიტინგეები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, სადაც ისინი ყვირილით ცდილობდნენ საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტების დაბულინგებას, აყენებდნენ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, პარალელურად რამდენიმე ადამიანი ყურში უხამსი სიტყვებით აგინებდა არხის დირექტორს თინათინ ბერძენიშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელს ვასილ მაღლაფერიძეს. ამ გარეწრობის მიზეზი ნათელია - მათ უნდოდათ, ისე გამოეყვანათ არხის ხელმძღვანელები მწყობრიდან, რომ მათ თავი ვერ შეეკავებინათ ფიზიკური პასუხისგან, რასაც შემდეგ შენობის დაკავების საბაბად გამოიყენებდნენ.
დეპუტატის თქმით, ეს იყო წინასწარ დეტალურად გაწერილი გეგმა, რომელიც ჩაუვარდათ, რადგან არხის ხელმძღვანელები ამ პროვოკაციებს არ აჰყვნენ, ხოლო იმ პირდაპირი ეთერებით, რაც მათ თითქოსდა „მოიპოვეს“, მხოლოდ საკუთარ უსუსურობას, ინტელექტისა და იდეების ნაკლებობას აჩვენებენ საზოგადოებას. „არჩევნებამდეც ნათელი იყო, რომ რადიკალების გეგმა სახელმწიფო გადატრიალება იყო და სწორედ ამიტომ არ ჩაატარეს წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ ნაცმოედნის გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა და ვერც ვერასდროს განხორციელდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.