9-12-2024
შინაგან საქმე სამინისტროს აჭარის პოლიციისა და შიდა ქართლი პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ი.ჯ და 1985 წელს დაბადებული ბ.თ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ბათუმში შურისძიების მოტივით დროებით საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს: 2000 წელს დაბადებული ფ.თ., -ს, 1997 წელს დაბადებული ვ.დ. -ს , 2004 წელს დაბადებული ჩ.ჩ -ს და 2005 წელს დაბადებულ ა.ს. - ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიღებული ჭრილობების შედეგად, სამი პირი ადგილზე, ხოლო ერთ-ერთი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის შიდა ქართლის მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სამი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.