გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: გახარიას გუნდის მხრიდან ორმაგ სტანდარტთან ერთად სახეზე გვაქვს წამქეზებლური პოლიტიკა

10-12-2024

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გახარიას პარტიის წევრების მხრიდან ტელეკომპანია „იმედში“ მისვლისა და აქციის გამართვის ფაქტს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გახარიას გუნდის წევრების „იმედში“ მისვლის ფაქტი ორმაგი სტანდარტის ნაწილია.


მისივე თქმით, გახარიას გუნდის „იმედში“ მისვლით დადასტურდა, რომ მათაც აქვთ სურვილი რადიკალიზმში თავიანთი წვლილი შეიტანონ.


„იმ ადამიანების რეალური ბუნება იოლად არის წასაკითხი, ისევე, როგორც მათი პერსპექტივები და გეგმები. მათი მხრიდან ორმაგ სტანდარტთან ერთად სახეზე გვაქვს წამქეზებლური პოლიტიკა.


ორმაგი სტანდარტი იყო, როცა იმიტირებული სამძიმრისთვის მიხეილ სააკაშვილს ელჩები აკითხავდნენ, თუმცა დღეს ის მშვენივრად არის და პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს. მიუხედავად ამისა, ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ გაკეთებულა არცერთი განცხადება მაშინ, როცა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი გახდა და ქუჩაში გამოსულს თავს დაეხნენ. ორმაგი სტანდარტის ნაწილია, როცა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის და მისი ოპერატორის ცემის ფაქტი დაგმეს ელჩებმა, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი დასაგმობია, თუმცა არცერთ ელჩს არ უხსენებია, რომ ასზე მეტი პოლიციელია დაშავებული, საიდანაც ათს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.


ორმაგი სტანდარტის ნაწილია გახარიას გუნდის სტუმრობა ტელეკომპანია „იმედში“. ვფიქრობ, რომ მათი ეს ქმედება შიდა კონკურენციიდან მოდის. გახარიასა და მის გუნდსაც აქვს სურვილი რადიკალიზმში თავიანთი წვლილი შეიტანონ. მათ განიზრახეს, რომ კერძო კომპანიას გარედან დაუწესონ დღის წესრიგი.

ორმაგი სტანდარტის ნაწილი იყო გიორგი გახარიას ქმედება, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მეორე დღეს, როცა საუბარი დაიწყო მთავრობაში ვითომდა არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე, არადა, ის თავად იყო მთავრობის ხელმძღვანელი. პარლამენტში მოსული გახარია „ნაციონალურ მოძრაობას ემუქრებოდა დასრულებით, არადა მცირე ხნის შემდეგ თავად ამოყო თავი „ნაციონალურ მოძრაობაში“.


ტელეკომპანია „იმედთან“ განვითარებული მოვლენების დროს, ვიხილე აბსოლუტურად მიუღებელი და ადამიანურად ძალიან საწყენი ფაქტი. იმედის ჭიშკართან მიმდგარნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც 7 ნოემბრის „იმედის“ დარბევას აპროტესტებდნენ, მათ შორის ზვიად ძიძიგური, რომლის იქ ხილვა ჩემთვის ძალიან მძიმე იყო.


ზურაბიშვილის მხრიდან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება იყო წამქეზებლური და ღია დასტური დანარჩენი რადიკალებისთვის, რომ რადიკალიზმის მაღალ პიკზე შეგიძლია აჩვენო შენი ქმედება, რისთვისაც აუცილებლად შეგიწყალებენ. თუ საჯარიმო სანქცია იქნება გადასახდელი, რა თქმა უნდა, დასავლური ფონდები, არც ამაზე იტყვიან უარს, როგორც ეს ნიკანორ მელიას შემთხვევაში გააკეთეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.