10-12-2024
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 85 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 577 მილიონი ლარით აღემატება. გამოყოფილი თანხები ძირითადად, მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
· სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 მილიარდ 903 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, 75,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის. ასევე, გათვალისწინებულია მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა;
· პროფესიული განათლება - 149 მილიონი ლარი;
· უმაღლესი განათლება - 171 მილიონ ლარზე მეტი;
· მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 86 მილიონ ლარზე მეტი;
· ინკლუზიური განათლება - 82 მილიონ ლარზე მეტი;
· ინფრასტრუქტურის განვითარება - 538 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 467 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, ამავე მიმართულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულია 141 მილიონი ლარი და ჯამში, სკოლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი თანხა 600 მილიონ ლარს აჭარბებს;
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 66 მილიონი ლარი;
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 30,0 მილიონი ლარი;
ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 14 მილიონ ლარამდე.