10-12-2024
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას ფინანსთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილს დეპუტატმა სოზარ სუბარმა კითხვა დაუსვა. სოზარ სუბარი საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანების ხელფასების მატებას შეეხო და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებისა და ჯარის შრომა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დასაფასებელია და ამიტომ, მართალია, მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილია მათი ხელფასების ზრდა, მაგრამ აუცილებელია ხელფასების კიდევ მეტად გაზრდა, რათა მათ შრომის ანაზღაურება არსებული რეალობის ადეკვატური იყოს.
„ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილი ყურადღება. წლების განმავლობაში ვატარებდით დანაშაულებრივ პოლიტიკას, როცა საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გვქონდა შეჩერებული. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს მავნე ტენდენცია შეიცვალა და ყოველწლიურად 10%-ით იზრდებოდა საჯარო მომსახურეთა ხელფასები, ხოლო თავდაცვის სამინისტროს და სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა ხელფასებმა ორჯერ 20-20%-ით მოიმატა.
მომავალი წლის ბიუჯეტშიც ხელფასის 10%-იანი ზრდაა ჩადებული, თუმცა, მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, თავდაცვის სამინისტროს და სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების ხელფასების ზრდის ტენდენცია მაინც შორს დგას სასურველისგან და ადეკვატურად ვერ პასუხობს იმ ამოცანებს, რასაც ეს გმირი ადამიანები ასრულებენ.
ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობაა დღეს მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ყველგან დაძაბულობაა, ომის არაერთი კერა ჩვენგან ერთი ხელის გაწვდენაზეა და არ წყდება მუდმივი მცდელობები, ამ ომებში ჩვენც ჩაგვითრიონ. ამას ემატება მუდმივი დაძაბულობა ქვეყნის შიგნით, რაც გარე კონფლიქტების გამოძახილი და პირდაპირი ასახვაა. ასეთ პირობებში ჩვენი უსაფრთხოება, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება სწორედ ჯარის, პოლიციის და მთლიანად სამართალდამცავი სისტემის გამართულ მუშაობაზე, სამშობლოსა და კონსტიტუციისადმი მათ ერთგულებაზე დგას. ყველანი ვხედავთ, როგორ უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა ჩვენს გმირ პოლიციელებს, როგორი პროფესიონალიზმით და თავდადებით უმკლავდებიან უმძიმეს გამოწვევებს.
შესაბამისად, იმისთვის რომ მათი ანაზღაურება ოდნავ მაინც ადეკვატური იყოს იმ გამოწვევების, რასთანაც მათ უხდებათ გამკლავება, აუცილებელია, მომდევნო წელს, კიდევ ერთხელ 20%-ით გაიზარდოს მათი ხელფასები, შემდეგში კი დანარჩენი საჯარო სამსახურების მსგავსად.
მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებიდან გამომდინარე, ეს სავსებით შესაძლებელი ამოცანაა, დაახლოებით 200 მლნ ლარი საკმარისია ხელფასების 20%-ით მოსამატებლად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვერ შევინარჩუნებთ სტაბილურობას, ბიუჯეტის ზრდაც უკან მოგვრჩება და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასაც საფრთხე შეექმნება, ამიტომ სათანადოდ უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც ამ სტაბილურობის შენარჩუნების მთავარი გარანტები არიან.
ბარემ აქვე ვიტყვი - ჩვენი მოვალეობაა, რომ სათანადო პატივი მივაგოთ ჩვენს ვეტერანებს - ადამიანებს, რომლებმაც არაერთხელ გადადეს თავი ჩვენი სამშობლოსთვის. დღეს ვეტერანის პენსია 100 ლარია. დამეთანხმებით, ეს არათუ საკმარისი არ არის, უხერხულიც კია, როცა სამშობლოს გმირი დამცველის სოციალური დახმარება 100 ლარით არის განსაზღვრული. კარგად მესმის, რომ თითოეული მათგანი თავს სამშობლოსთვის სწირავდა და არა რაიმე ანაზღაურებისთვის, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ, დავაფასოთ მათი თავდადება. შესაბამისად, თუ მომავალი წლის ბიუჯეტში ვეტერანი პენსია 50 ლარით მაინც გაიზრდება, ეს ეს იქნება გარკვეული მადლიერების გამოხატვა მათი თავდადების პასუხად. ამის გაკეთება აუცილებელია იმისთვის, რომ დაფასდეს იმ ადამიანების გმირობა, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს სამშობლოსთვის და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის ბურჯებს, სამართალდამცავ სისტემას და ჯარს, ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.