10-11-2018
როგორც ღურწკაიამ პირველ არხს განუცხადა, მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს.
როგორც ზუგდიდის საკრებულოს წევრმა აღნიშნა, მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.
„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ღურწკაია.
მისი თქმით, ის არც ერთ სხვა პარტიაში არ გადადის.
ღურწკაიას პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებამდე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლელა ქებურიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ქებურიას თქმით, ღურწკაიას ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა და მასზე ზეწოლაც განხორციელდა. მისი მტკიცებით, სწორედ ამიტომ მიიღო ღურწკაიამ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება.