17-12-2024
ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე. ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ ერთობლივად და ამ პროცესებს რა თქმა უნდა, წარმართავს ბიძინა ივანიშვილი როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში აზღვევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან.
„რაც შეეხება პროცესების განვითარებას, ჩვენ რეალურად დავასრულეთ შანტაჟი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებული იქნა 28 ნოემბერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლევადიანი რყევა გვქონდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაწყვეტილება აზღვევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან. სამი წელი გრძელდებოდა შანტაჟი ამ ქვეყნის მიმართ ჯერ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით - დამთავრდა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, აფერხებდა ქვეყნის განვითარებას, როდესაც მუდმივად გაშანტაჟებენ გარედან. ეს არ არის ხელშემწყობი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელმაც დაამთავრა შანტაჟი და მთავარი რაც ეწყინათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს, იყო სწორედ ეს - მათ ხელიდან გამოვაცალეთ შანტაჟის ბერკეტი, შესაბამისად, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთესად, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.