12-11-2018
შს მინისტრი გიორგი გახარია თითქმის მთელი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობაში იმყოფებოდა. მინისტრთან შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერების ნაწილმა დაადასტურა. ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, გიორგი გახარიასთან მისი საუბარი მეორე ტურისთვის მზადებას შეეხო.
როგორც გოგუამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ისინი მზად უნდა იყვნენ მოსალოდნელი პროვოკაციებისთვის, რომელიც შეიძლება არჩევნების დღეს დაიგეგმოს.
„ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებზეა გადასული და ჩვენ არ უნდა ავყვეთ მათ პროვოკაციებს. მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ მეორე ტური. ეს იმას ნიშნავს, რომ დაცული უნდა იყოს თითოეული ამომრჩევლის ხმა და არანაირ ექსცესებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა დავით გოგუამ.
რაც შეეხება აბაშის მაჟორიტარ დეპუტატს ოთარ დანელიას, ის ამბობს, რომ მინისტრთან მისი შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და საუბარი უსაფრთხოებასა და არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებას შეეხო.
„შეხვედრა ძირთადად, მერთან , საკრებულოს თავმჯდომარესა და გუბერნატორთან იყო. ამ შეხვედრაზე სულ რამდენიმე წუთით იყო მინისტრი და საუბარი უსაფრთხოებას ეხებოდა“, - აღნიშნა დანელიამ.
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებოდა ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი ჯუმბერ იზორია. მან გახარიასთან შეხვედრა არ დაადასტურა და თქვა, რომ გუბერნიაში მეგობრის სანახავად იყო.
შს მინისტრმა დაახლოებით რვა საათიანი შეხვედრების შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციის შენობა უკომენტაროდ დატოვა.