12-11-2018
ოკუპირებულ აფხაზეთში წლევანდელ სეზონზე გასულ წელთან შედარებით, ციტრუსების ორჯერ მეტ მოსავალს ელოდებიან.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრის ვლადიმირ დაუროვის ინფორმაციით, წელს 30-35 ათას ტონამდე მანდარინი უნდა დაიკრიფოს, რაც კარგი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, აფხაზმა ე.წ. სპეციალისტმა თქვა, რომ პროდუქციის ხარისხიც ბევრად უმჯობესია შარშანდელთან შედარებით, რაც, მისი თქმით, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგია.
„დღესასწაულების შემდეგ ციტრუსის კრეფა და რეალიზაცია იანვარშიც გაგრძელდება, თუმცა, ძირითადი ნაწილი ახალ წლამდე იყიდება", - აღნიშნა დაუროვმა.
ე.წ. მინისტრის თქმით, ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ, საკუთარი პროდუქციის დასაწყობება და შენახვა გულრიფშის რაიონში არსებულ სამაცივრე მეურნეობაში შეუძლიათ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ციტრუსის მოსავლის აღება, ძირითადად, ნოემბერში იწყება და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება.