24-12-2024
ოქროს საინვესტიციო ზოდებისა და სერთიფიკატების გაყიდვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, - ნათქვამია სებ-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ბოლო წლებში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოქროში ინვესტირება დანაზოგების დივერსიფიცირების ერთ-ერთი ტრადიციული საშუალებაა და მოთხოვნაც მუდმივად არსებობს.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ოქროზე მოთხოვნა საქართველოშიც მზარდია და ბოლო ერთი წლის განმავლობაში დღემდე ოქროს ზოდები სებ-ისგან თითქმის 600-მა მომხმარებელმა შეიძინა, რომლებმაც 1000-მდე ტრანზაქცია განახორციელეს.
ამასთან, ბოლო დღეებია არ წყდება სპეკულაციები ოქროს ზოდებისა და სერტიფიკატების გაყიდვის თემაზე, განსაკუთრებით რომან გოცირიძის მხრიდან.
როგორც სებ-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში აცხადებენ, რომან გოცირიძე კვლავინდებურად, მისთვის დამახასიათებელ სტილში აგრძელებს სპეკულაციებს და ცდილობს, ეროვნული ბანკის რეპუტაციის შელახვასა და ფინანსურ სექტორში არასტაბილურობის განცდის შექმნას. თუმცა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. სამწუხაროა, ეს სპეკულაციები გადაუმოწმებლად ვრცელდება და ხდება აქტიური ტირაჟირება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ოქროს საინვესტიციო ზოდებისა და საინვესტიციო ოქროს სერთიფიკატების გაყიდვა ჯერ კიდევ 2012 წლიდან დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა ოქროს საინვესტიციო ბაზრის განვითარებასა და ადგილობრივ ინვესტორთა აქტივების დივერსიფიცირებას.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ორი ტიპის ოქრო: მონეტარული ოქრო, რომელიც საერთაშორისო რეზერვების აქტივს წარმოადგენს და საინვესტიციო ოქრო, ოქროს სერტიფიკატებისა და საინვესტიციო ზოდების სახით. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს ზოდებისა და სერტიფიკატების გაყიდვის კომერციული პროგრამა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) მაღალი სტანდარტისა და დაწესებული სანქციების წესების სრული დაცვით ხორციელდება.
ხდება თითოეული მყიდველის საფუძვლიანი შემოწმება. რაც შეეხება ოქროს სერტიფიკატებს, ეროვნული ბანკის რეგულაციით მათ მხოლოდ კომერციული ბანკები ყიდულობენ. ქართული საბანკო სისტემა კი მუდმივად იცავს საერთაშორისო სანქციებს და ადგილობრივ კანონმდებლობას. ამდენად, გაუგებარია სებ-ის მიერ ოქროს სერტიფიკატების გაყიდვის საკითხის ირგვლივ ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა. ეს სხვა არაფერია, თუ არა მორიგი მცდელობა, რამენაირად ჩრდილი მიადგეს სებ-ის რეპუტაციას. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშოროსო სტანდარტების დაცვით განაგრძობს მუშაობას და მომავალშიც განუხრელად დაიცავს ფასებისა და ფინანსურ სტაბილურობას“, - აცხადებენ სებ-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში.