12-11-2018
სამბოში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს, +100 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ბერძენიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონი გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ცხრა, 10 და 11 ნოემბერს ჩატარდა. ქართველმა სამბისტებმა ჯამში რვა მედალი: ოთხი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვეს.
საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის განმარტებით, პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატში გოგოებმა გუნდური მესამე ადგილი , ხოლო ბიჭებმა მეორე ადგილი დაიკავეს.
პირველ დღეს სამბისტმა ნინო ოძელაშვილმა 72 კგ–იან წონით კატეგორიაში რუმინელი მეტოქე დაამარცხა და ჭიდაობის სახეობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიიღო.
მეორე დღეს მსოფლიო ჩემიონი გახდა და ოქროს მედალი მიიღო 57 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვახტანგ ჩიდრაშვილმა. ეს მისი მეხუთე ტიტულია.
მესამე დღეს ელენე ქებაძემ 80 კგ-იან წონით კატეგორიაში ფინალში რუსი ტიტულოვანი სამბისტი ანა ბალაშოვა დაამარცხა. ბექა ბერულავამ 82 კგ წონით კატეგორიაში დაამარცხა რუსი სამბისტი – სერგეი კირიუხინი. ამავე დღეს ბექა ბერძენიშვილმა +100 კგ წონით კატეგორიაში, ტურნირზე მხოლოდ ერთი ფინალური ბრძოლა წააგო. იგი ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ბექა ახალციხიდან, სოფელ წინუბნიდანაა, თუმცა იგი წლებია თბილისში ცხოვრობს.
ბრინჯაოს მედლები მიიღეს დავით ლორიაშვილმა, პასტა ღვინიაშვილმა და გივი ნადარეიშვილმა.