გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთის "არწივებმა" მიჯრით მესამე მოგება გაიფორმეს

13-11-2018

პირველობისთვის მებრძოლი გუნდების ‘არესისა’ და ‘ყოჩების’ დაპირისპირებამ ქუთაისში ქომაგის დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, საკუთარი გულშემატკივარის ფაქტორმა მასპინძლებზე უარყოფითად იმოქმედა და სერგო ფრუიძის გუნდმა ფსიქოლოგიური წნეხისგან თავის დაღწევა ვერაფრით მოახერხა.

 

ქვემოქართლელები კი ლაღად, უნარიანად მოქმედებნდენ და თან მეტი ბრძოლის ჟინიც გამოავლინეს. კარიერის საუკეთესო პერიოდი გაიხსენა ‘ყოჩების’ ლიდერმა თემურ სოხაძემ. 33 წლის ექს-ბორჯღალოსანი ამჯერად ფულბეკის პოზიციაზე ირჯებოდა და ფეხით ტაქტიკურად გამართული, უზუსტესი თამაშით რიონისპირელებს მთელი მატჩის განმავლობაში დიდ სირთულეებს უქმნიდა. 11 ქულით (3 ჯარიმა; 2 გარდასახვა) სოხაძე მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახლდათ. აკა ცინცაძის შეგირდები რაგბის პრაქტიკულად ყველა კომპონონეტში (განსაკუთრებით-რაქში) ჯაბნიდნენ ‘ომის მრისხანე ღმერთს’. მართალია ორივე გუნდმა 3-3 ლელო გაიტანა, თუმცა ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი შეხვედრის სადავეებს თავიდანვე მყარად ფლობდა და ‘არესს’ ნუგეშის აღების შანსიც არ დაუტოვა. ‘ყოჩთა’ მარბიელმა გიორგი ტყეშელიაძემ ‘დუბლი’ შეასრულა. წამყვანი ბურჯის ნიკა აბულაძის ნაცვლად ძირითადში გამწესებულმა თემურ ჯინჭარაძემ კი კარგ თამაშთან ერთად ლელოს გატანაც მოახერხა.’ყოჩებმა’ მატჩი 28:17 მოიგეს, 19 საცხრილო ქულით ქუთათურებს გაუთანაბრდნენ და უკეთესი პირისპირ ბალანსით მეორე ადგილზე აინაცვლეს. ‘არესმა’ კი სეზონში პირველი მარცხით ლიდერობაც დაკარგა და თან მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.

 

სატურნირო ცხრილის სათავეს ‘იუნკერები’ დაუბრუნდნენ. ‘ბაგრატთან’ საშინაო შეხვედრაში კიკეთელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ზაბახიძემ ძირითადი შემადგენლობის ბირთვი დაასვენა, მიუხედავად ამისა ფავორიტმა მეტოქეს 13 ლელო გაუტანა და მიმდინარე პირველობაზე გამორჩეული სხვაობით 83:3 იმარჯვა. შეხვედრის დასაწყისი სტუმრებს ცუდს არაფერს უქადდა. ‘ბაგრატის’ ფულბეკმა ცოტნე კვესელავამ ალექსანდრე ტუჩაშვილის ლელოს ჯარიმით უპასუხა და ერთი ხანობა ბრძოლაც ფიცხელი გაჩაღდა. ტაიმის შუაწელიდან თავი რიონისპირელთა არასათანადო ფიზიკურმა კონდიციამ იჩინა. მწვავე ფინანსური კრიზისის გამო ‘ბაგრატი’ პრაქტიკულად ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. გუნდის დამრიგებლის შალვა კიკვაძის დიდი მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდა და ახალბედა მოთამაშეების ხარჯზე ქუთათურთა თავკაცობა კონკურენტუნარიანი ახალი გუნდის ჩამოყალიბებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს და მოუგებლად მყოფი ‘ბაგრატის’ პირველ ლიგაში დარჩენის შანსიც სულ უფრო და უფრო მცირდება. ‘იუნკერებს ლაღ, ხელდახელ თამაშში თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ. ფრთაზე მოთამაშე ტუჩაშვილმა 4 ლელოს გატანა მოახერხა, შუამარბმა ბექა სამსიანმა კი ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა. ლიგაში საუკეთესო შემადგენლობის მყოლი ‘იუნკერები’ მცირე პაუზის შემდეგ, 20 ქულით კვლავ გალიდერდნენ და მდევრებს, ‘ყოჩებსა’და ‘არესს’ 1 ქულით გაუსწრეს.

 

ოზურგეთის ‘არწივებმა’ მიჯრით მესამე მოგება გაიფორმეს, რამაც გურულებს მეოთხე ადგილზე დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა. ექს-ბორჯღალოსან კახა უჩავას დამმოძღვრილმა ‘არწივებმა’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ ოზურგეთში უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 20:14 იმარჯვეს. საწყის წუთებში მასპინძელთა ზეწოლა ფრთის მოთამაშე გიორგი კალანდაძის გატანილი წყვილი ჯარმით დაგვირგვინდა. მესხებმა მეთოდურად გაათანაბრეს თამაში და შუამარბ გიორგი ვედიაკოვისა და ფულბეკ ოთარ ტალახაძის დადებული ლელოებით (ტალახაძემ ორივე ლელო გარდასახა) ტაიმი 14:6 მოიგეს. შეხვედრის მეორე ნახევარი კი გურულების კარნახით წარიმართა. უჩავას შეგირდებმა დაწყობილ, ხისტ დაცვასთან ერთად დერეფანშიც ივარგეს, მორკინალებმა რამდენიმე ეფექტური მოლიც ააგორეს, რასაც ფრთა დავით ჩაუჩიძის ‘დუბლი“ მოჰყვა. კალანდაძემ ორივე რეალიზაცია გამოიყენა და ამბიციური ‘ტაო’ ოდენ ნუგეშს დააჯერა. აღსანიშნავია, რომ კახა უჩავა მწვრთნელობასთან ერთად შეგირდებს კარგი თამაშით მაგალითს უშუალოდ მოედანზეც აძლევს. 42 წლის უჩავას კლასი და გამოცდილება გუნდის მოთამაშეებზე დადებითად ისახება. ‘არწივთა’ სტაფის წევრი ირაკლი ნინიძეც სათამაშო განწყობაზეა. დიდი 10-ის ლიდერ ‘ბათუმის’ 42 წლის დამრიგებელმა მონაწილეობა მესხებთან შეხვედრის პირველ ნახევარში მიიღო, უჩავამ კი მოედანზე 75 წუთი დაჰყო.

 

მეთოდურად აუმჯობესებს თამაშს ‘დინამო’ თბილისი. უხნესმა ქართულმა გუნდმა მიჯრით მეორე შეხვედრა დამაჯერებლად და თან ამჯერადაც პრემიის თანხლებით მოიგო. ლევან რამიშვილის შეგირდებმა ‘შევარდენზე’ ‘ივერია კოლხი რაინდებს’ 9 ლელო გაუტანეს და მატჩი 51:13 მოიგეს. კოლხებმა დედაქალაქელებს მეტნაკლები წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწიეს. ‘რაინდთა’ მოთამაშე-მწვრთნელმა ბაჩო ჩაჩავამ 2 ჯარიმაც ზუსტად დაარტყა, რასაც ‘დინამოელთა’ მძლავრი შეტევები და ჰუქერ გიორგი წიქარიძის, მხტომელ ბექა არევაძისა და მგეზავ გოჩა ხვიჩიას გატანილი ლელოები მოჰყვა. მეორე ტაიმის შუაწელს მასპინძლები წითელი ბარათებით გაძევებული 2 ხაზის მოთამაშის შემდეგ მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ, თუმცა ლევან რამიშვილის ტაქტიკამ-აქცენტის სრულად შერკინებაზე გადატანამ მოსალოდნელზე სასურველი შედეგი გამოიღო. მარქაფადან ჩართულმა ‘დინამოელთა’ ჰუქერმა იაგო წაქაძემ ‘დუბლი’ შეასრულა. აღნიშნული გამარჯვებით ‘დინამომ’ სატურნირო ცხრილში 2 საფეხურით აინაცვლა და მიმდინარე სეზონში მეხუთე ადგილზე პირველად აღზევდა.

 

მორიგი, მეექვსე ტური სრულად დასავლური იქნება. გამორჩეული შეხვედრა კი ასპინძაში გაიმართება. 17 ნოემბერს ‘ტაო’ ტიტულოვან ‘ყოჩებს’ უმასპინძლებს.


guriismoambe.com