21-01-2025
„უკვე დიდი ხანია იმის დამალვას აღარავინ ცდილობს, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟისა და ზეწოლისთვის იყენებენ. ამასთან დაკავშირებით განმარტება არაერთხელ გაკეთდა და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილის სიმართლე საერთაშორისო სასამართლოებმაც დაადასტურეს!“, - ასე ეხმაურება სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის სტატუსს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადება აკრიტიკებს.
თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლო მალე გაიმართება და საზოგადოება თავად დარწმუნდება, რომ მას არანაირი მტკიცებულება არ აქვს.
„ამ ფონზე, ბაჩიაშვილი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ათეულობით მილიონის ღირებულების ბიტკოინი თვალსა და ხელს შუა მოპარა, მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში არარსებული პირადი შურისძიების მოტივებს ხედავს და გვიმტკიცებს, თითქოს, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დამოკიდებულება მის მიმართ არაცივილიზებულია, ხოლო “კრედიტ სუისის”, მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემისა და შვეიცარიის ქცევას, ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისად მიიჩნევს. მალე ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლო გაიმართება და საზოგადოება თავად დარწმუნდება, რომ ამ კაცს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ფაქტები კი მხოლოდ მის ბრალეულობას ადასტურებენ! მეორე მხრივ, ბაჩიაშვილმა ზედმიწევნით ზუსტად იცის „კრედიტ სუისის” ქმედებების შესახებ და მათ ქცევას ცივილიზებულს უწოდებს. ამ კაცს მიაჩნია, რომ ცივილიზებული და ნორმალურია, როდესაც შვეიცარიის პროკურატურა უკვე 10 წელია, დამსახურებული კრიტიკის ფონზე, საქმეს არ იძიებს და ამტკიცებს, თითქოს, თავის დროზე განუზომლად დიდი ავტორიტეტის მქონე შვეიცარიული ბანკიდან, ივანიშვილის კუთვნილი მილიარდი ერთმა კაცმა მოიპარა“, - წერს მოლაშვილი.
მისივე განცხადებით, შვეიცარია ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუტების მქონე მანამდე იყო ვიდრე “გლობალური ომის პარტია” მთელ მის სახელისუფლებო ორგანოებში, ინსტიტუტებსა და საბანკო სისტემაში საკუთარ აგენტებს ჩანერგავდა
„შვეიცარია ცივილიზებული, ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუტების მქონე და სამაგალითო ქვეყანა მართლაც იყო, თუმცა, ეს მანამდე სანამ “გლობალური ომის პარტია” მთელ მის სახელისუფლებო ორგანოებში, ინსტიტუტებსა და საბანკო სისტემაში საკუთარი აგენტების ჩანერგვას მოახერხებდა! სამწუხაროდ, დღეს ის შვეიცარია, რომელიც თავის დროზე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, საკუთარი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვის გარანტად ითვლებოდა და ადამიანების ნდობას მსოფლიოს ყველა წერტილიდან იმსახურებდა, აღარ არსებობს! დღეს მხოლოდ იმ შვეიცარიის ლანდია დარჩენილი!“, - აცხადებს მოლაშვილი.