გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გურამ გურამიშვილი: საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების რეფორმა ხელს შეუწყობს ავტოსადგურების ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას

24-01-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში შეხვედრა გამართა თბილისისა და რეგიონების ავტოსადგურების ხელმძღვანელ პირებთან. მინისტრის მოადგილისა და სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბრის მთავარი თემა ავტოსადგურების სერტიფიცირების საკითხი იყო.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეფორმის პროცესი ხელს შეუწყობს ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის აღმოფხვრას და სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობების შექმნას. ამასთან, რეფორმა სტიმულს მისცემს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი რეკონსტრუქციისა და ახალი, საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობას. გურამ გურამიშვილის შეფასებით, შედეგად, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, ტურიზმის განვითარებას, სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელებას, ასევე გარემო პირობების ეკოლოგიური მაჩვენებლებისა და მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებას.


„მიმდინარე რეფორმა ხელს შეუწყობს ავტოსადგურების ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ავტოგადამზიდავების მიერ გარკვეული მოთხოვნების შესრულებას. გამოითქვა აზრი რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - ძირითადად ეს ეხებოდა რეფორმის განხორციელების ვადებს. ჩვენ განვიხილავთ ამ მოსაზრებებს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საუკეთესო როგორც რეფორმის მიზნებისთვის, ასევე ჩვენი მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, ავტოსადგურებისა და ავტოგადამზიდავებისთვის",- აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.


ავტოსადგურების წარმომადგენელთა მხრიდან შეხვედრაზე ასევე აქცენტირებული იქნა ე.წ. მტაცებლების - იმ გადამყვანი ტრანსპორტის საკითხი, რომლებიც ავტოსადგურების გვერდის ავლით, მიმდებარედ უკანონოდ მუშაობენ. სექტორის წარმომადგენლები რეფორმის ფარგლებში ამ პრობლემის დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობენ.


რეფორმის ფარგლებში უკვე დადგინდა ავტოსადგურებისათვის შესაბამისი კლასები, რომლებითაც განისაზღვრა მგზავრთა სხვადასხვა დანიშნულებით გადაყვანის წესები. შედეგად, 2025 წლის 1 ივნისიდან ქვეყნის შიდა რეგულარული, საერთაშორისო რეგულარული და არარეგულარული სატრანსპორტო ოპერაციები, მხოლოდ სერტიფიცირებულ ავტოსადგურებს შორის განხორციელდება. თავის მხრივ ავტოსადგურები დააკმაყოფილებენ კლასისთვის დადგენილ ინფრასტრუქტურულ თუ სხვა მნიშვნელოვან მოთხოვნებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში წინასწარ რეგისტრაციას დაექვემდებარება მგზავრთა გადაყვანის მარშრუტები და ავტოსადგურის ოპერირების განრიგებიც.


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ და სააგენტოს

„აწარმოე საქართველოში" მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა თეონა ბაბუნაშვილმა. აღსანიშნავია, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო სერტიფიცირების პროცესს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან კოორდინაციაში განახორციელებს. რეფორმის მიმდინარეობის პროცესში ასევე აქტიურად ჩაერთვება სააგენტო „აწარმოე საქართველოშიც" - სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რომლის თანახმადაც ავტოსადგურის მფლობელს შესაძლებლობა ექნება შეამციროს ავტოსადგურის მშენებლობის ან რემონტის მიზნით აღებული სესხის/ლიზინგის პროცენტი და ასევე უზრუნველყოფს სესხის გარანტიას 80%-ის მოცულობით.