გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცესკო ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ მანიპულაციურ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

28-01-2025

„ტელეკომპანია „პირველს“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც სრულად მანიპულაციურია და მასში ასახული ფაქტები თუ მოსაზრებები სიცრუეა“ -ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა, მანამდე გაგაცნობთ სიუჟეტში გასულ მანიპულაციასთან თუ სიცრუესთან დაკავშირებულ რეალურ ინფორმაციას.

პირველი მანიპულაცია და ტყუილი - სიუჟეტის დასაწყისშივე ავტორი ამბობს, თითქოს მათმა კამერამ ინტერვიუს ჩაწერის დროს კარს მიღმა მომლოდინე ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი დააფიქსირა და აჩვენა კადრი, სადაც თითქოსდა ჩანს გიორგი ჯავახიშვილი. სინამდვილეში კი კადრში ცესკოს აპარატის თანამშრომელია. მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია, სიუჟეტის ავტორს ვერ დაედგინა, რომ აღნიშნული პირი ცესკოს მდივანი არ იყო - სწორედ იმ დღეს მან პირადად ჩაწერა ინტერვიუ გიორგი ჯავახიშვილთან. ამიტომ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მან ცესკოს აპარატის თანამშრომლის შემთხვევითი კადრი მანიპულაციურად გამოიყენა.


ტყუილია ისიც, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია თანამშრომელთა მიერ ევროინტეგრაციის საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებებს ან ცესკოს ყოფილი წევრის დავით კირთაძის მეუღლეს, ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს უკავშირდება.


საუბარი იმაზე, თითქოს თანამშრომლების გათავისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერის გამო მოხდა, არის შეურაცხმყოფელი ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლისთვის, ვინაიდან, ასეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთ დონეზე არცერთი თანამშრომელი აღარ დარჩებოდა. საარჩევნო ადმინისტრაცია, მისი ხელმძღვანელობა ყოველთვის განუხრელად იცავს და ერთგულია საქართველოს ევროინტეგრაციის კურსისა და ყოველი არჩევნების ჩატარებისას ხელმძღვანელობს ევროპული სტანდარტებით. შესაბამისად, ამ მიზეზით ცესკოს აპარატიდან არცერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ.


სინამდვილეში რეორგანიზაცია, მათ შორის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის გაუქმება, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვიდან გამომდინარე სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით გამოკვეთილმა ახალმა საჭიროებებმა განაპირობა. განვლილმა არჩევნებმა და მიღებულმა გამოცდილებამ უწყების საქმიანობაში რამდენიმე მიმართულების გაძლიერების აუცილებლობა აჩვენა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცესკოს აპარატის სტრუქტურის იმგვარი მოდიფიცირება, რომელიც უპასუხებდა არსებულ გამოწვევებს. ამასთან, შესაძლებელი გახდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ფუნქციების შესრულება, მათ შორის ანგარიშების მომზადება, სტრატეგიული თუ სამოქმედო გეგმების შემუშავება უშუალოდ სტრუქტურული ერთეულების მიერ. შესაბამისად, როგორც ყოველთვის, ახლაც, საარჩევნო ადმინისტრაციამ მორიგი საარჩევნო ციკლის დასრულების შემდეგ გაანალიზა გაწეული საქმიანობა და მხოლოდ ამის შემდეგ, კოლეგიურად მიიღო რეორგანიზაციის გადაწყვეტილება.


ასევე ტყუილია ცესკოს ყოფილი თანამშრომლების მიერ სიუჟეტში ნახსენები ინფორმაცია, თითქოსდა მათ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მონიტორინგის უფლება არ მიეცათ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საარჩევნო უბნების მონიტორინგი მათ ფუნქცია-მოვალეობას არ წარმოადგენდა. აღნიშნული პირების უშუალო მოვალეობა იყო სწავლების მასალებისა და ტრენინგების მონიტორინგი, რაც არჩევნების დღისთვის, რა თქმა უნდა, დასრულებული იყო.


ასევე მანიპულაციურია ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ პირებს არჩევნების დღეს ცესკოს შენობაში ყოფნის უფლება სპეციალურად არ მისცეს - ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში შემოსვლა აკრძალული არცერთი თანამშრომლისთვის არ ყოფილა (რასაც სიუჟეტში თავად აცხადებს ერთ-ერთი რესპონდენტიც) - გასული წლების მსგავსად, გაიცა მხოლოდ რეკომენდაცია, რომ ცესკოში ის თანამშრომლები ყოფილიყვნენ, რომელთა ფუნქცია-მოვალეობებიც უკავშირდებოდა საარჩევნო პროცესებს და მოითხოვდა ადგილზე ყოფნას. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დღეს ასევე არ იმყოფებოდნენ ცესკოში როგორც საფინანსო, ისე ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტების თანამშრომლები.

და ბოლოს, გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკოს ყოფილი, იმ თანამშრომლების განცხადებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“, არ იცოდნენ „რა იწერებოდა ვერიფიკაციის აპარატებში“, „სამუშაო სივრცე ისმინება“, „ცესკოს შენობაში დადიოდნენ ადამიანები არსაიდან“, არ მისცეს ელექტრონული აპარატების შესწავლის უფლება და ა.შ. - აღნიშნული პირები ცესკოში მიმდინარე წლის 20 იანვრამდე მუშაობდნენ, 26 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან თითქმის სამი თვე. მიუკერძოებელი ჟურნალისტი მინიმუმ კითხვას მაინც დასვამდა, თუ ეს ყველაფერი ასე იყო, რატომ განაცხადეს ეს მხოლოდ 20 იანვრის შემდეგ და არა მანამდე. მაგრამ ასეთი კითხვის დასმის შედეგ, ყველასთვის ცხადი გახდებოდა, რომ ახლა ეს ადამიანები მოქმედებენ მხოლოდ პირადი წყენის საფუძველზე და ასევე, სავარაუდოდ იმ პირების გავლენის ქვეშ არიან, რომელთა მიზანიც საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციაა ნებისმიერ ფასად“ -ნათქვამია განცხადებაში.