გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იანვარში უკანონო ტყითსარგებლობის 147 ფაქტი გამოავლინეს

6-02-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 147 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 126 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 21 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 


უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 84 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, იმერეთში - 9, ქვემო ქართლში - 8, სამცხე-ჯავახეთში - 7, აჭარაში - 6, მცხეთა-მთიანეთში - 3, შიდა ქართლშიც - 3, გურიაში კი, 1.

უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტია გამოვლენილი დედაქალაქშიც.


ჯამში ამოღებულია 83 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.


ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია  3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.


მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 2024 წლის განმავლობაში  დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის  2197 ფაქტი, მათ შორის, 93 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.