6-02-2025
არიან საქართველოში ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც პირდაპირ გამოიყენებოდნენ რევოლუციის მოსაწყობად. დღემდე გრძელდება ეს პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, USAID-ის დაფინანსებულმა ენჯეომ, ISFED-მა გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები 2020 წელს, რასაც მოჰყვა რევოლუციის პირველი მცდელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
„არიან საქართველოში ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც პირდაპირ გამოიყენებოდნენ რევოლუციის მოსაწყობად. დღემდე გრძელდება ეს პროცესი. ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ პროცესებისა, რაც დაიწყო. კონკრეტულად USAID-ის დაფინანსებულმა ენჯეომ, ISFED-მა გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები 2020 წელს, რასაც მოჰყვა რევოლუციის პირველი მცდელობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახლაც ხედავთ, როგორც ვითარდება პროცესები - რევოლუციის მცდელობის ავანგარდში დგანან სწორედ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები, ესენი არიან აშშ-დან დაფინანსებული ენჯეოები, USAID-ი, NED-ი, რასაც ღიად აკრიტიკებს უკვე ახალი ამერიკული ადმინისტრაცია და ესენი არიან ასევე ევროკავშირთან დაკავშირებული ფონდების მიერ იგივე EED-ს მიერ დაფინანსებული ენჯეოები. ეს ყველაფერი არის საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის და ამას სჭირდება რეგულაცია სწორედ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გზით და ამას ემსახურება ამერიკული ფარას მიღება ჩვენს ქვეყანაში. ამას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს, თითოეული ცენტი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, უნდა იყოს გამჭვირვალე ქართული საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის, იმისათვის, რომ ქართველი ხალხი არავინ შეიყვანოს შეცდომაში. ასევე, კანვასი, რომელიც USAID-ის დაფინანსებით აორგანიზებდა ტრენინგებს, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენ როცა ვამბობდით, რომ ამის მიზანი იყო რევოლუციური პროცესების წახალისება, ვიღაცები ირონიულად გვპასუხობდნენ, რომ როგორ შეიძლება შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები ვიღაცამ გამოიყენოს რევოლუციისთვის. თუ დააკვირდებით ახლა რევოლუციის ამ ჩავარდნილ მცდელობას, წინა ფრონტზე გამოიყვანეს სწორედ შემოქმედებითი სფეროს, თეატრის კინოს და სხვა სფეროების წარმომადგენლები. ეს იყო მიზანმიმართული პროცესების შედეგი. USAID-ი კანვასის ტრენინგებს ატარებდა, ცდილობდა რევოლუციის მოწყობას. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. უცხოელი აგენტების ხელით არ შეიძლება ამ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.