14-11-2018
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიში და 2019-2022 წლებში დაგეგმილი საბიუჯეტო პროგრამები წარადგინა.
2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით 894 130 ლარით იზრდება და 17 722 635 ლარი იქნება.
სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს:
„მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამით ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება (სულ 10 პაციენტისთვის) ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების დაფინანსება15 000-ით გაიზრდება და, ნაცვლად 50 000 ლარისა, 65 000 ლარი გახდება.
ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში, პირველად დაუფინანსდებათ:
ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია - 80 000 ლარით;
ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია -150 000 ლარით.
გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზით დაუფინანსდებათ გაფანტული სკლეროზის მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტების მკურნალობის კურსის ღირებულება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 პაციენტისა). თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი 25 000 ლარს შეადგენს.
,,მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით” გაიზრდება ბენეფიციარების დაფინანსების ტარიფი და ნაცვლად 15 000 ლარისა 25 000 ლარი გახდება.
„ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ ქვეპროგრამით განხორციელდება ძვირადღირებული (რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება წლიურ ლიმიტს -15 000 ლარს) ქირურგიული ოპერაციული მკურნალობის (როგორც გეგმური ასევე ურგენტული) თანაგადახდა სრულად სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით გაიზრდება და 400 000 ლარი გახდება.
„ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების“ ქვეპროგრამაში ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 5000 ლარით გაიზრდება და 15 000 ლარი გახდება.
ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნლობა, კერძოდ: პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 - მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში,სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტ ევეროლიმუსის (აფინიტორი) მკურნალობის კურსისის ღირებულება (ერთ პაციენტზე 8 ციკლი). წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი. ქვეპროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება და 2 000 000 ლარი გახდება.
სოციალური დაცვის მიმართულებით 2 ახალი პროგრამის ამოქმედდება, კერძოდ, „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ და „სმენაპროტეზირებულ ბავშთა რეაბილიტაცია“.
ფართოვდება მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა. მომავალი წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად სხვადასხვა პრობლემების მქონე დედები დაემატებიან.