14-11-2018
ახალციხეში, ვალის საბავშვო ბაღის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებებზე მოაწერინეს ხელი, ასევე, არჩევნებზე მისვლა და 48 ნომრის შემოხაზვა მოსთხოვეს.
ვალის პირველი საბავშვო ბაღის ერთ–ერთი თანამშრომელი „სამხრეთის კარიბჭეს“ უყვება, რომ ბაღის მენეჯერმა ქეთვან ლაფაჩმა სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლებს ხელი გათავისუფლების ბრძანებაზე მოაწერინა.
„უკვე გამზადებული განცხადებები იყო ყველას სახელზე და მხოლოდ ხელი უნდა მოგვეწერა. თანამშრომლების ნაწილისთვის ეს გაუგებარი იყო, ამიტომ უარი თქვეს ხელმოწერაზე, თუმცა მენეჯერმა გაერთიანების დირექტორს დაურეკა, ამოიყვანა და მაინ მოაწერინა ხელი ყველას“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ ბაღების თანამშრომლებს ბიულეტენში მთავრობის მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემოხაზვაც მოსთხოვეს – „ზიგზაგის ფორით მოხაზეთ 48, რომ დავრწმუნდეთ ყველამ სალომეს მიეცით ხმაო“.
ვალეს საბავშვო ბაღში დასაქმებული 34 თანამშრომელია და მათ ხელშეკრულებებს ვადა დეკემბრის ბოლოს გასდის. თანამშრომლების თქმით, კი მათ ხელი გათავისუფლების შესახებ ბრძანებებზე ცხრა ნოემბერს მოაწერინეს.
„ყველას დეკემბრის ბოლოს გვიმთავრდება ხელშეკრულებები და წინასწარ მოგვაწერინეს ხელი გათავისუფლებაზე, რომ ახალი გაგვიფორმონ, ადრე ასე არ ყოფილა, მაგრა ახლა ალბათ ასეა საჭირო“, – ამბობს ერთ–ერთი თანამშრომელი და ამატებს, რომ ამას „ალბათ არჩევნებთან კავშირი არ აქვს“.
„სამხრეთის კარიბჭე“ ბაღის ათზე მეტ თანამშრომელს ესაუბრა, თუმცა, მომხდარზე ღიად საუბარი არცერთმა მათგანმა არ ისურვა. ცხრა ნოემბერს დოკუმენტს ხელი რომ მოაწერეს, ამას ყველა ადასტურებს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ რაზე აწერდა ხელს არ იცის: „ხელს ყველა აწერდა, ავდექი და მეც მოვაწერე, არაფერი მიკითხავს, არავისთვის არც არაფერი უთქვამთ“.
ნაწილი კი ამბობს, რომ დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამოქმედებულ ცვლილებებს ეხებოდა: „მაგალითად აღმზრდელებსა და თანაშემწეებს სახელები ეცვლებათ, კიდევ იქ რაღაცა შიდა ცვლილებებია. რომ გავეცანით ყველაფერს ეს ხელმოწერით უნდა დაგვედასტურებინა“, – ამბობს „სამხრეთის კირიბჭესთან“ საბავშვო ბაღში ერთ–ერთი აღმზრდელის თანაშემწე.
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებებზე ხელმოწერას კატეგორიულად უარყოფს ვალეს პირველი საბავშვო ბაღის მენეჯერი ქეთევან ლაფაჩი: „ცვლილებებია და ჩვენს თანამშრომლებს ამის შესახებ უნდა სცოდნოდათ. დოკუმენტებს, რომ გაეცნენ და მიიღეს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ამის დასტურად ხელიც მოაწერეს. სხვა არაფერი ყოფილა“.
შეკითხვაზე, რატომ გახდა ბაღში დოკუმენტებზე ხელის მოწერისთვის ახალციხის სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მარინა მერაბიშვილის მისვლა აუცილებელი, ლაფაჩი გვპასუხობს: „თანამშრომლებმა რაღაცეები კარგად ვერ გაიგეს, მე გასაგებად ვერ ავუხსენი და მარინა მერაბიშვილს დავურეკეთ, რომ ამოსულიყო“.
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებებზე ხელომოწერას, და ასევე, იმას, რომ არჩვენებზე ბაღის თანამშრომლებმა 48 ნომერს უნდა დაიჭრონ მხარი, კატეგორიულად უარყოფს მარინა მერაბიშვილიც. ისევე როგორც ლაფაჩი, მერაბიშვილიც შიდა ცვლილებებზე საუბრობს: „გათავისუფლების ბრძანებები არ არის, ახალი რეგულაციები შემოდის, ორგანიზაციეული საკითხებია და ყველა უნდა ჩაგვეყენებინა საქმის კურსში, რომ გაეცვნენ მოაწერეს ხელი. როცა ჩვენამდე მოვიდა ეს ცვლილებები მაშინ გავაცანით თანამშრომლებს“.
ჩვენს თხოვნაზე, ეჩვენებინათ ცვლილებების შესახებ დოკუმენტი, რომელსაც თან დართული აქვს ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელმოწერები, მერაბიშვილმა უარი გვითხრა: „რატომ უნდა განახოთ?! გამოითხოვეთ წერილობით და მიიღებთ“.
„სამხრეთის კარიბჭემ“ იმ დოკუმენტის ასლი, რომელსაც თან ერთვის საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელმოწერები, ახალციხის მერიიდან წერილობით უკვე გამოითხოვა.
„თუ ნამდვილად ცვლილებების შესახებ დოკუმენტია, ამას არ სჭირდება დრო მოკვლევისათვის, ეს არის საჯარო დოკუმენტი და წერილობით გამოთხოვის გარეშეც, ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“,– ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთევან ბებიაშვილი.
მისი თქმით, „ეს ყველაფერი დიდ ეჭვებს ბადებს, რომ აქ ადგილი აქვს ამომრჩეველზე ზეწოლას და შრომით ურთიერთობებში შეტანილი ცვლილებები არაფერ შუაშია“.
ბებიაშვილის განცხადებით, თუ საქმე არ ეხება საორგანიზაციო ცვლილებებს და თანამშრომელთა მოსალოდნელ გათავისუფლებას, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ კანონში ცვლილებების გაცნობის გამო თანამშრომლებს ხელმოწერები დააფიქსირებინონ: „კარგად უნდა დადგინდეს, რა ცვლილებებზეა საუბარი. საინტერესოა, რატომ დადგა ახლა ამის აუცილებლობა. არ შეიძლება ამდენმა ადამიანმა განსხვავებული მოსაზრება თქვას, იმასთან დაკავშირებით თუ რაზე მოაწერეს ხელი. აქ შესაძლოა ადგილი ჰქოდნეს, ამომრჩეველზე ზეწოლას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ამიტომ ამისი მოკვლევა პროკურატურამ და უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა დაიწყოს“.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ვალის სამი საარჩევნო უბნიდან მმართველი გუნდის კანდიდატმა ერთი, N9 უბანი, წააგო. აქ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სალომე ზურაბიშვილზე 42 ხმით მეტი მიიღო. დანარჩენ ორ , N10 და N33, უბანზე კი მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.