21-02-2025
ვენაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს ახალ გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ჩატარებულ არჩევნებსა და მის შემდგომ მიმდინარე მოვლენებზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს გენერალურ მდივანს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია. ხაზი გაესვა გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური უსაფრთხოების საკითხები და ეუთო-ს სივრცეში მიმდინარე კონფლიქტები.
ნიკოლოზ სამხარაძემ გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ობიექტური ანგარიშის წარმოდგენის გამო.
„ჩემი მხრიდან მადლობა გადავუხადე ეუთო-ს იმისათვის, რომ მათ ობიექტური ანგარიში წარმოადგინეს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათზე დიდი ზეწოლა იყო კონკრეტული პოლიტიკური აქტორების მხრიდან", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან და აქტიურ როლს ეუთო-ში.
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვენაში, სადაც მონაწილეობას იღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.