გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საოკუპაციო ხაზი თბილისი-გორის მაგისტრალს კიდევ უფრო მიუახლოვდა

15-11-2018

"რუსეთის მხრიდან საქართველოს მცოცავი ოკუპაცია გრძელდება - რუსეთის ქმედებაზე საქართველოს შესაბამისი რეაქცია აუცილებელია, რუსები აგრესიული ნაბიჯებით თბილისი-გორის მაგისტრალს უახლოვდებიან.

 

"საჭიროა, საქართველომ მცოცავი ოკუპაციის აღსაკვეთად სამხედრო შეიარაღებული ძალების პოსტები შექმნას და ასევე დროა, შეიარაღებული ძალების მუქარის ელემენტებიც გამოიყენოს.

 

"აგრესია, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ დაუფარავად ახორციელებს, არ შეწყდება, თუკი თავად საქართველოს რეაქციაც საკმაოდ მკაცრი არ იქნება.

 

"ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველო პროვოკაციაზე წამოაგოს ისე, როგორც ეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას, მანამდე კი აფხაზეთის ომის დროს მოხდა", - სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოზე ჰიბრიდულ ომს ახორციელებს და დროა, საქართველოს საპასუხო რეაქციაც შესაბამისი იყოს.

 

"რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ დაუფარავ აგრესიას ახორციელებს, ეს არის ჰიბრიდული ომის რეციდივი. არსებობს საშუალება, რომ შევაჩეროთ ეს ჰიბრიდული ომი. ჩვენ სამინისტროს ან არ უნდა, ან არ აკეთებს, მობილური პოსტების განლაგება და იქ შეიარაღებული ძალების შეყვანა პოლიციური ძალების მაგივრად. უკვე დროა, ჩვენც მონაწილეობა მივიღოთ.

 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მივმართავ - სუს-ს სასაზღვრო პირობებში აგრესიული მუშაობის გაძლიერება შეუძლია. გამოვლინდეს, როდის და სად შეიძლება მორიგი ჰიბრიდული ომი განხორციელდეს იმისათვის, რომ ჩვენ მომზადებული დავხვდეთ", - აღნიშნა მან.

 

აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე "რეზონანსთან" საუბრისას 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომსა და აფხაზეთის ომს იხსენებს და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს კვლავ პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს, ამიტომაც რუსეთმა საქართველოს პროვოცირება ამჯერად ვერ უნდა შეძლოს.

 

"ეს ისეთი ქმედებაა, სადაც რუსეთის მხრიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ აფართოებს საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვარს. ჩვენ ვხედავთ, რომ ვერ გვშველის განცხადებები და მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა. არ ვიცი, ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს და სადამდე მივალთ.

 

"რუსეთი მაინც აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას. ეს ყველაფერი თანდათან შეიძლება იმ დონემდე მივიდეს, რომ ადგილი აღარ დარჩეს, სადაც ე.წ. საოკუპაციო ზოლი მავთულხლართებით არ იქნება თავიდან ბოლომდე გავლებული. როგორ უნდა დავუპირისპირდეთ, ომს ხომ არ დავუწყებთ?! სამწუხაროდ, ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ", - აცხადებს ის.

 

გორის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა ახალი მავთულხლართები გააბეს - სოფელ ხურვალეთში გამყოფი ზოლის რამდენიმე ადგილას მავთულხლართები დაამატეს და გაამაგრეს. ახალი ე.წ. საზღვარი სოფელ ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ჯუკაანთ კარს შორის იქნა დამონტაჟებული.

 

ეს გზა ორ სოფელს, ხურვალეთსა და ოკუპირებულ ჯუკაანს აკავშირებს. ახალი "საზღვრის" შემდეგ კი, როგორც ადამიანების, ისე პირუტყვის გადაადგილებაა შეიზუდება. ხელოვნური ბარიერის დამონტაჟების შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებლებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გაურთულდებათ.

 

ლევან კიკნაძის განცხადებით, ასეთი შემთხვევების დროს აუცილებელია, საქართველოს პოზიცია ნათლად ჰქონდეს დაფიქსირებული, თუმცა ჩვენ ისეთი რეაქცია გვაქვს, რასაც რეალურად შედეგი არ მოაქვს.

 

"ქართულ მხარეს არ აქვს თავისი ანალიტიკური ცენტრები, ყველა ასეთ შემთხვევასთან საკუთარი პოზიცია უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული. ამ ყველაფერზე რეაქცია, სამწუხაროდ, გვაქვს მხოლოდ ისეთი, რასაც შედეგი რეალურად არ მოსდევს.

 

"რუსეთი ამას აკეთებს იმიტომ, რომ კიდევ ერთ ასეთ პროვოვოკაციაზე წამოგვიკიდოს. ზოგმა შეიძლება თქვას, ჩვენ თვითონ რატომ არ ვუპირისპირდებითო. ამ შემთხვევაში ის მხარე იმ ხელშეკრულებას მოიშველიებს, რომელიც ამ სეპარატისტებთან აქვს გაფორმებული.

 

"ისევ იმ სისხლისმღვრელ ომში ჩაგვითრევს, რაშიც 2008 წელს ჩაგვითრია, უფრო ადრე კი - აფხაზეთის ომში. მასაც სწორედ ეს უნდა", - განაცხადა ლევან კიკნაძემ.

 

ვახტანგ მაისაიას თქმით, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად და რუსეთის მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად საჭიროა, საქართველომ უკრაინისაგან მაგალითი აიღოს იმისათვის, რომ მომავალში საქართველომ თბილისი-გორის მაგისტრალზე კონტროლი არ დაკარგოს, რადგან, როგორც მაისაია აცხადებს, რუსები უკვე მაგისტრალს უახლოვდებიან.

 

"უნდა შევქნათ სამხედრო შეიარაღებული ძალების პოსტები. უკვე დროა, რომ გამოვიყენოთ შეარაღებული ძალების მუქარის ელემენტებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ თბილისი-გორის მაგისტრალზე კონტროლს.

 

"შეგვიძლია, უკრაინისაგან მივიღოთ გამოცდილება, როგორ შეიძლება მოვუაროთ ამ საკითხს. უკრაინელებმა ამ პრობლემას საკმაოდ ადეკვატურად გასცეს პასუხი. უკრაინული გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია ჰიბრიდული ომის რეციდივების აღკვეთა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს - სოფელ ატოცში ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ე.წ. საზღვარი გაავლეს, რის შემდეგაც 30 ჰექტარი მიწა უკვე არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.


resonancedaily.com