გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს აშენებს

15-11-2018

აბასთუმანში, სანატორიუმ „ცისარტყელას“ ადგილზე მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსთვის საძირკველი უკვე გაჭრილია. „სამხრეთის კარიბჭეს“ აქ მშენებელი კომპანია „არალის“ წარმომადგენლები დახვდნენ: „სასტუმროს ვაშენებთ ხუთ ვარსკვლავიანს. ფონდი „ქართუ“ აფინანსებს“, – გვითხრა შპს „არალის“ 100%–იანი წილის მესაკუთრემ ოთარ თათეშვილმა.

 

ობიექტზე მშენებლებმა ადგილის დატოვება გვთხოვეს. მათ არც ფოტოს გადაღების საშუალება მოგვცეს და არც სხვა შეკითხვებზე გვიპასუხეს. სამშენებლო სამუშაოების შესახებ აქ არც საინფორმაციო ბანერი დაგვხვდა.

 

„ისიც კი არ ვიცი მანდ რა შენდება და ვინ აშენებს წარმოდგენა არ მაქვს“, – გვითხრა აბასთუმანში მერის წარმომადგენელმა გიორგი გედევანიძემ.

ვინ აშენებს სასტუმროს აბასთუმანში ამ შეკითხვაზე პასუხი ვერც ადიგენის მერიასა და საკრებულოში მივიღეთ. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ აქ სასტუმროს ბიძინა ივანიშვილი აშენებს. იგი კურორტზე, აგვისტოში, ოჯახთან ერთად ორ კვირაზე მეტ ხანს ისვენებდა და როგორც აბასთუმნელები გვიყვებიან, მან „ცისარტყელას“ ადგილზე სასტუმროს აშენება სწორედ მაშინ გადაწყვიტა.

 

სანატორიუმ „ცისარტყელას“ ტერიტორიაზე საჯარო რეესტრის ამონაწერებში ცვლილებებიც ამ პერიოდიდან ჩნდება.

 

ბოლო, 2018 წლის 10 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით აბასთუმანში სანატორიუმის ადგილზე, 9 709 კვადრატულ მეტრს შპს „ცისარტყელა“ ფლობს. „ცისარტყელა“ თბილისში, ჭავჭავაძის 39 ა-ში, ქართუ ბანკის სათავო ოფისის მისამართზეა რეგისტრირებული. მას სამი მესაკუთრე ჰყავს: მალხაზ აბესაძე – 24.5 %, დევანოზ ინასარიძე – 24.5% და შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ – 51%.

 

„ცისარტყელას“ მესაკუთრეებს შორის, „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ცხრა სექტემბრიდან ჩნდება. მანამდე კი 50%–50% დევანოზ ინასარიძე და მალხაზ აბესაძე ინაწილებდნენ.

 

„საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდიც“ ქართუ ბანკის სათავო ოფისის მისამართზეა რეგისტრირებული. მისი 100%–იანი წილის მესაკუთრე პანამაში რეგისტრირებული ოფშორული კომპანია, სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL–ია.

 

FRANKSTON INTERNATIONAL–ი ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციაში მითითებული არ არის. თუმცა, ის რომ ოფშორში რეგისტრირებულ აღნიშნულ კომპანიას ივანიშვილი ფლობს, ეს 2016 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი. მაშინ ბოტანიკური ბაღის 29.7 ჰექტარი FRANKSTON INTERNATIONAL–ის შვილობილმა კომპანიებმა „თაბორი რიზორტმა“ და „ოლდ სიტი დეველოპმენტმა“ შეიძინეს. ამავე პერიოდში, აქ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, გავრცელდა განცხადება, სადაც ეწერა, რომ „ოლდ სიტი დეველოპმენტის“ მიერ განხორციელებული პროექტების "ინიციატორი და ინვესტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო“.

 

„სამხრეთის კარიბჭემ“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს აბასთუმანში მშენებარე სასტუმროსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად წერილობით, ექვსი დღის წინ, ცხრა ნოემბერს მიმართა, თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. შეკითხვაზე, აშენებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი სასტუმროს აბასთუმანში, პასუხი ვერც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მივიღეთ.

 

„ჩვენ კერძო მშენებლობებს არ ვაფინანსებთ. შესაბამისად, თანხა გამოყოფილი არც აბასთუმანში სასტუმროს ასაშენებლადაა“, – გვითხრეს ფონდ „ქართუში“.

 

„სამხრეთის კარიბჭესთან“ კი აბასთუმნელები ყვებიან, რომ კურორტთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარეს დიდი გეგმები აქვს და მათი განხორციელება ივანიშვილმა საკუთარი სასტუმროს შენებით დაიწყო.