11-12-2017
პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ირაკლი აბესაძემ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, რომელმაც უკვე 15 მილიონი დახარჯა გასული სამი წლის განმავლობაში, ახლა უფუნქციო ორგანოდ გამოცხადდა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს კანონის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შექმნილია საქართველოს მთავრობის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით. საბჭოს კონპეტენციაში შედის შემდეგი საკითხები: შიდა და საგარეო საფრთხეების იდენტიფიცირება, ამ საფრთხეების შეფასება და თავიდან აცილება, იმ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების გაანალიზება, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და მართლწესრიგის სფეროებში სტრატეგიების და მათი განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავება, წინადადებების წარდგენა საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის საკითხებზე კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების პოლიტიკურ დონეზე მართვის ხელმძღვანელობა.
კრიზისების მართვის საბჭო 2014 წელს შეიქმნა და პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. მისი შექმნის ინიციატორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელიც ამბობდა, რომ საბჭო ნებისმიერი საფრთხის გამოვლენასა და პრევენციაზე იმუშავებს, როგორც სტრატეგიულ, ასევე ტაქტიკურ დონეზე. საბჭოს სამდივნოს შემადგენლობაშია, ასევე, კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი, რომელიც კრიზისული სიტუაციების დროს (ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფა, შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობა, სტიქიური კატაკლიზმები და სხვა სახის კრიზისი), გადადის პრემიერ-მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში.
კრიზისების მართვის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით: „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველო გადავიდა სახელმწიფოებრივი მოწყობის საპარლამენტო მოდელზე – აღმასრულებელი ფუნქცია სრულად გადაეცა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით… მოქმედი კონსტიტუციის პირობებში, მთავრობა და მისდამი დაქვემდებარებული უწყებები ახორციელებენ სრული სპექტრის საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ აუცილებელი გახდა კოორდინაციის ახალი მექანიზმის შემუშავება და ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.
მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მსგავსი დათქმებისა და მტკიცებისა კრიზისების საბჭოს არსებობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, 2017 წლის 22 ნოემბერს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებებისმიხედვით, სახელმწიფო კრიზისების მართვის საბჭო ცალკე როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი ორგანო უქმდება და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთიანდება (აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კრიზისების საბჭოს შექმნამდეც არსებობდა). გამომდინარე მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მიზნებიდან – ბიუროკრატიის შემცირება, კრიზისების საბჭოს გაუქმება იმის მანიშნებელია, რომ იგი კარგად ვერ ასრულებდა დაკისრებულ ფუნქციებს ან/და დამატებით მსგავსი ორგანოს არსებობა არ არის მიზანშეწონილი.
მიმდინარე სამი წლის განმავლობაში კრიზისების მართვის საბჭოს ბიუჯეტი ჯამურად 14 679 557 ლარს შეადგენდა (იხ. ცხრილი 1). აღსანიშნავია, რომ თანხის 49% (7 217 316 ლარი) საბჭოს აპარატის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა (იხ. გრაფიკი 1).
ცხრილი 1: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წლიური ბიუჯეტი 2015-2017 წლებში
წელი | 2015 | 2016 | 2017 (პირველი 10 თვის მონაცემები) |
ბუჯეტი | 6 850 754 | 5 051 933 | 2 776 870 |
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინა, ბიუჯეტის გადასახდელები
გრაფიკი 1: კრიზისების მართვის საბჭოს სახელფასო ფონდის პროცენტული მაჩვენებელი 2015-2017 წლებში
წყარო: factcheck.ge