21-03-2025
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გახსნა.
მინისტრებმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მე-2 და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლებში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.
სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ასევე მოეწყო გარე მოედნებიც.
საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.