16-11-2018
მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.
როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მასსა და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ინფორმაცია მიაწოდა.
„დღეს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შევხვდი, რომელიც საქართველოში ახლახან ჩამოვიდა, დაახლოებით ორი კვირაა. მანამდე ოფიციალური შეხვედრები მთავრობასთან ჰქონდა. პრეზიდენტობის კანდიდატებიდან პირველი მე შემხვდა, რომ საარჩევნო გარემოზე ესაუბრა. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს მეორე ნახევარში. ავუხსენი, რა მდგომარეობაში დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ კამპანია ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის. როგორ გარდაიქმნა ბევრად უფრო ბნელ საბჭოთა კამპანიად ვიდრე, ვისურვებდი. ამის შესახებ მას ბევრი დეტალი გავაცანი, თუნდაც ბოლო დროინდელი მუქარა, რაც სხვათა შორის, ასევე, ეხება ჩემს ქალიშვილს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.