გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

«Info» (ჩეხეთი): საქართველო, სადაც „საზღვარს“ არ უნდა მიუახლოვდე, თუმცა შესაძლოა, თავად „საზღვარი“ მოგიახლოვდეთ

16-11-2018

„ფლაგშტოკზე თითქმის არავისგან არაღიარებული რესპუბლიკის დროშა ფრიალებს, რომლის არმია რუსეთის შეიარაღებული ძლების ნაწილია. ცოტა მოშორებით რუსეთის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა მოჩანს. ჩვენ „საზღვართან“ ვდგავართ, რომელსაც არ უნდა მივუახლოვდეთ, მაგრამ რომელიც შეიძლება თვითონ აქეთ მოგიახლოვდეთ. ასე გამოიყურება რუსეთის მიერ ოკუპირებული მხარე“, - ნათქვამია ჩეხურ გამოცემაში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია საქართველოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში -სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ მარეკ გუდემას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


„იქით ნუ წახვალთ, რადგან ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგცემთ. იმ მხარეს მხოლოდ რუსები დადიან, დაიკარგებით“, - მეუბნება ქართველი პოლიციელი. მე ახლა საქართველოს ტერიტორიაზე ვიმყოფები „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ „საზღვართან“, - რომელიც ფორმალურად თითქოსდა დამოუკიდებელია, მაგრამ პრაქტიკულად მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აღიარა, რუსეთის ჩათვლით. „ფოტოაპარატით ბაზისთვის სურათის გადაღება საფრთხილოა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უსიამოვნება შეგემთხვეთ“, - ამბობს პოლიციელი. „უსიამოვნებაში“ ის გატაცებას და სროლას გულისხმობს, რახედაც მას პასუხის გაცემა არ შეუძლია.


სამხრეთ ოსეთში და მის „საზღვართან“, ისევე როგორც აფხაზეთთან მიმართებით, საქართველოს ხელისუფლება უსუსურია. ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს მეზობელი რუსეთი აკონტროლებს - 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ხანმოკლე ომის შემდეგ“, - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი „სამხრეთ ოსეთის“ მდგომარეობას აცნობს: ოსთა შეიარაღებული ფორმირებები რუსეთის არმიის ნაწილია, რუსეთი აფინანსებს მთლიანად სოციალურ სისტემას, ყველას რუსეთის პასპორტები აქვთ“. ამჟამად სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 50 ათასი მცხოვრებია და ათი ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე.

სტატიაში ასევე მიმოხილულია „საზღვრისპირა“ ზონის მდგომარეობა, სადაც ქართულ სოფლებზე და მოსახლეობის ბაღ-ვენახებს მავთულხლართებია გაბმული და სხვა სასაზღვრო ბარიერებია აღმართული. ავტორი ესაუბრება სოფელ ოძისის მოსახლეობას, რომელთა თქმით, რუსი სამხედროები საქართველოს მოქალაქეებს რეგულარულად აკავებენ „ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის გამო ჯარიმას ახდევინებენ 70-100 ლარის (600-820 კრონის) ოდენობით.


„შედარებით უფრო უკეთესი ვითარებაა კიდევ ერთ სეპარატისტული რესპუბლიკის აფხაზეთის „საზღვართან“: ქალაქ ზუგდიდთან ახლოს მდებარე მდ. ენგურზე გადებული ხიდით შეიძლება რუსების მიერ კონტროლირებულ აფხაზეთში შეხვიდე. აფხაზეთი არაღიარებული რესპუბლიკაა, მაგრამ მისი საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიზებსაც გასცემს. ხალხი აქეთ-იქით დადის, თუმცა ქართველი მესაზღვრეები მშვიდად დგანან. აფხაზურ მხარეზე მდებარე საბაჟოზეც არავის არაფერს ედავებიან. ქართველმა პოლიციელმა ხელით მაჩვენა, საით შემიძლია წავიდე უვიზოდ. იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებიც არიან (ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის „საზღვართან“). მისიის მოვალებაა „ხელი შეუშალოს შეიარაღებული კონფლიქტის განახლებას და მხარეებს „ნორმალიზებასა და სიტუაციის სტაბილიზებაში“ დაეხმაროს, მაგრამ საქმე ისაა, რომ მისიის წევრებს ყოფნა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლიათ, რუსები მათ თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ჩივის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკმარის ყურადღებას არ უთმობს რუსების მიერ საქართველოს სიღრმეში „საზღვრების გადმოწევას“, რითაც „წყალს მოსკოვის წისქვილზე ასხამსო“.


ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ერთ-ერთ დიდ პრობლემას ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა წარმოადგენს. 1991-92 წლების კონფლიქტების შედეგად დევნილებს 2008 წლის ომისაგან დევნილებიც დაემატა. ქვეყანაში ძალიან მაღალია უმუშევრობის დონე (ოფიციალურად 14%, მაგრამ რეალურად უფრო მეტი) ლტოლვილები ძალიან ხშირად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. სტატიაში საუბარია ზუგდიდთან ახლოს, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრები დევნილებზე, რომლებსაც მიწა და ეზოები არ აქვთ, დაუსაქმებლები არიან და „თითქოსდა გეტოში ცხოვრობენ“.


საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური კონცეფცია ასეთია: ალბათ, ოდესმე დადგება დრო, როცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისევ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდებიან და მაშინ ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული ადამიანები კვლავ თავიანთ მშობლიურ ფუძე-კერას დაუბრუნდებიან. თითქმის იგივეს ფიქრობს ჟურნალისტი ზვიად მჭედლიშვილი: მოვა დრო რუსეთი უბრალოდ დაიღლება, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი მოსკოვისათვის მძიმე ტვირთად იქცევა, შემდეგ კი ორივე საქართველოს შემოუერთდება. „თუმცა ზოგიერთები მაინც თვლიან, რომ ძალით დაკარგული ისევ ძალით უნდა დავიბრუნოთ, უეცარი შეტევით“, - ამბობს გელა, რომელიც თითქმის ყველა კონფლიქტში იბრძოდა, 2008 წლის ომის ჩათვლით, ახლა კი სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობს, - „მაგრამ არავინ იცის, როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი. ქართულ არმიას რუსეთის არმიაზე ვერ გაიმარჯვებს“.

ოფიციალური მონაცემებით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთს ისეთი ძალები ჰყავს, რომლებიც ერთი ბრიგადის ტოლფასია, მაგრამ სინამდვილეში იქ ბევრად უფრო დიდი და მრავალრიცხოვანი კონტიგენტია, იქვეა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები, მძიმე ტექნიკა და ა.შ. ასე რომ, რუსეთს იმდენი იარაღი აქვს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში შეზიდული, რომ საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ცოცხალი ძალის დამატება დაჭირდება.


„რუსეთის სამხედრო ყოფნა სამხრეთ კავკასიაში გადაჭარბებულია. რუსული არმიის ყოფნა მოწოდებულია არა ადგილობრივი კონფლიქტებისათვის, არამედ უფრო მასშტაბური პოტენციური კონფლიქტებისათვის სამხრეთის ფლანგზე, ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით“, - ნათქვამია შვედეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ მოხსენებაში, - მოსკოვის მიდგომა კავკასიისადმი ისეთია, რომ მას სურს ლოკალური კონფლიქტების მეშვეობით იქ მდებარე სახელმწიფოები დაძაბულ სიტუაციაში ჰყავდეს“. საქართველოს სწრაფვა ნატოსაკენ და ამით უსაფრთხოების გარანტიების მიღების სურვილი მოსკოვს ეჭვებს უძლიერებს და იმპერიულ ინსტინქტებს უღვიძებს.


რუსეთში ჯერ კიდევ მეფის დროიდან არიან დარწმუნებულნი, რომ მათ, რუსებმა, კავკასიას ცივილიზაცია მოუტანეს და [ადგილობრივი ქრისტიანული ხალხების დაცვის მიზნით] მუსულმანურ სახელმწიფოებს ეომებოდნენ, ოსმალეთის იმპერიის ჩათვლით. იმავდროულად, რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის გავლენას კავკასიაში. ამიტომაც მოსკოვი საქართველოში აფინანსებს ულტრანაციონალისტებს და ფაშისტებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ყველაფერში რუსეთის იმედი ჰქონდეთ, მთავარ მტრად კი ისლამისტურ თურქეთს მიიჩნევენ. ამით ისინი ეხმარებიან რუსეთს საქართველოში გავლენის შენარჩუნებაში, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ ამის გაკეთება საკმაოდ რთულია.


რუსებით წარმოდგენებში კავკასია ის საკვანძო რგოლია, რომელიც ევროპას ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს. იმავდროულად, კავკასია რუსეთისა და დასავლეთის ჭიდილის რეგიონიცაა. შესაბამისად, მოსკოვს უარი არ უთქვამს ძველ პრინციპზე - „ვისაც სურს ჩრდილოეთ კავკასიის გაკონტროლება (რომელიც რუსეთი შემადგენლობაშია - ავტ.), მაშინ ის სამხრეთ კავკასიაც უნდა აკონტროლებდეს“ (სადაც საქართველო მდებარეობს).