ბათუმში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „მისამართი“ ჩატარდება
16-11-2018
წინასაფესტივალო პერიოდში, 15-დან 19 ნოემბრამდე, ხელოვანები იცხოვრებენ და წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს საბჭოური სახლების ბინებში, სადარბაზოებსა თუ ეზოებში. „მისამართის“ მიზანს წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების და ბათუმის მაცხოვრებლების უფრო მჭიდროდ დაკავშირება, შესაბამისად ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე აუდიტორიას აღნიშნული კორპუსების მეზობლები წარმოადგენენ. ფესტივალის განმავლობაში, მათ ექნებათ საშუალება დაესწრონ გამოფენებსა და არტ პერფორმანსებს, გარდა ამისა გაესაუბრონ ხელოვანებს მათი ნამუშევრების შესახებ.
“მისამართის” პირველი ორი დღე, 15 და 16 ნოემბერი დაეთმობა ხელოვანებს, რათა მათ შეძლონ საცხოვრებელ და სამუშაო სივრცესთან ადაპტირება და საკუთარი ნამუშევრების მომზადება, ხოლო 17 და 18 ნოემბერს ფესტივალი გაიხსნება ფართო აუდიტორისათვის და ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება დაესწროს ღონისძიებებს. რამდენიმე დღით ხელოვნება უფრო ახლო გახდება, ის იცხოვრებს ბათუმის მაცხოვრებლებთან ერთად და მისი კარი მუდმივად იქნება ღია ნებისმიერი მსურველისთვის.